მოძრაობა, “თავისუფლების მოედნის” წევრი, ისტორიკოსი და განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომას ითხოვს. საუბარია როგორც უშუალოდ მოძრაობაზე, ისე მისი ცალკეული წევრების ინდივიდუალურ შემოსავლებზე.
ჯანაშია წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ ინფორმაციას ითხოვს “თავისუფლების მოედნისგან”, როგორც პარტიისგან. ეს იმ პირობებში, როცა მოძრაობას პარტიად რეგისტრაციაზე უკვე 2-ჯერ უთხრეს უარი.
“ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია თავისუფლების მოედნის წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო. დამატებით, თქვენ პირად შემოსავლებზე დოკუმენტები გამოაგზავნეთ და თან პარტიას რა შემოსავლები ჰქონდა ეგეც გამოაყოლეთო.
ბატონო რაჟდენ, თავისუფლების მოედანმა ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა ქ.ოცნებამ. ჰოდა, აი ახლა შეტანილი გვაქვს რეგისტრაციის დოკუმენტები, და პასუხს ველოდებით. გეაჯებით, იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ ხოლმე?!
რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას გავასაჩივრებ. თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია. მაგრამ, რომც ვიყოთ პარტია, ასე პარტიის ნებისმიერი წევრის საბანკო ანგარიშებზე თუ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ
· პარტიაში არავის არ მოუნდება შესვლა;
· იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაჰყავთ სასამართლოებში, იმის გამო, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი და პირბადე იყიდეს მაშინ, როცა გაზით წამლავდნენ მათ წევრებს, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გადარიცხვა შეიძლება გახდეს იმის მტკიცების მოტივი, რომ რაღაც არაკანონიერს ჩადიხარ”, – წერს ჯანაშია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ანტიკორუფციული ბიურო ფინანსურ ინფორმაციას ითხოვს ისეთი გაერთიანებებისგან, რომლებიც პარტიად არ არიან რეგისტრირებულები. უწყება მათ “გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე” სუბიექტებად მიიჩნევს.
უფრო მეტიც, უწყებამ ფინანსური დოკუმენტაცია მოითხოვა ისეთი გაერთიანებისგანაც, რომელიც ოფიციალურად საერთოდ არ არის რეგისტრირებული – “ერთობა”/”ფარი”. უფრო ზუსტად, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თავად მოიაზრებს ამ მოძრაობების წევრებად. მაგალითად, გორელი აქტივისტების თეონა ფანქველიშვილისა და თეონა ბზიშვილისგან. ისინი ამბობენ, რომ დამოუკიდებელი აქტივისტები არიან და არა “ერთობისა” და/ან “ფარის” წევრები. გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა გერგაულმა ანტიკორუფციულს აქტივისტების საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლება არ მისცა. ამავე მოსამართლემ ანტიკორუფციულს არ მისცა წვდომა არც აქტივისტ ლუკა ხიზაძის ანგარიშებზე, რომელიც თავს “ერთობისა” წევრად მოიაზრებს. სამივე ამ აქტივისტის შემთხვევაში ანტიკორუფციულმა გერგაულის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ამავე თემაზე:
· სასამართლომ ანტიკორუფციულს დაშვება მისცა “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” წევრების ანგარიშებზე
