ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ასეთ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს“.
„ეს რეზოლუციები ახალი არ არის. ყველაფერი კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, როგორ ხდება აღნიშნული რეზოლუციების მიღება, არანაირი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. ვიცი, როგორი შინაარსის არის. სხვათა შორის, „გამჭვირვალობის კანონზე“ რომ ვსაუბრობთ, „ფარას“ მეშვეობით გახდა ცნობილი, როგორ ხდება რეზოლუციების მიღება. ფულს იხდიან ამაში და რასაც უნდა, იმას აწერინებენ. რეალობას რომ შევხედოთ და იმ კანონს, რომელსაც ებრძვიან, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. უცხოეთიდან შემოსული თანხებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით მიდიოდა და ხმარდებოდა შიდა პოლიტიკურ პროცესებს, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებას, მოძალადეების წახალისებას, ეს დაუშვებელია და კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს. გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებზე არიან დამნაშავეები“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს. როგორც რეზოლუციის პროექტის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.
