რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში, ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე, გაგრძელდება მომსახურების მოდერნიზაციისა და კერძო ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ეს განცხადება მან აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრთან, ოლეგ ბარციცთან შეხვედრაზე გააკეთა.
ლავროვის თქმით, აფხაზეთს რამდენჯერმე ესტუმრა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო.
„მე ვისაუბრე მასთან. ის ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომლებზეც შეთანხმდნენ პრეზიდენტები [ვლადიმირ] პუტინი და [ბადრა] გუნბა. საუბარია, კერძოდ, ქალაქის სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციაზე, მემორიალური ძეგლების რენოვაციაზე და სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზე.
ჩვენ დიდ კმაყოფილებას გამოვთქვამთ, რომ ეს საქმიანობა უკვე იძლევა პოზიტიურ შედეგებს, ხელს უწყობს თქვენი ეკონომიკის გაძლიერებას და ჩვენს მეგობრობას. გარდა ამისა, ამან გაზარდა აფხაზეთში ცხოვრების და დასვენების ხარისხი. კარგი მაგალითია ტურიზმის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს რუსეთიდან აფხაზეთში ტურისტული ნაკადების 20%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომსახურების მოდერნიზაციისა და კერძო ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პროცესი გაგრძელდება”, – თქვა ლავროვმა.
