სასამართლომ ნიკა მელია, რომელიც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ბრალდებულია, კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, , რომელიც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ბრალდებულია, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, დაკავებული მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
სხდომას ნიკა მელია არ დასწრებია.
როგორც ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პატიმრობაში მყოფი მელიას მიმართ მესამედ გამოიყენეს პატიმრობა.
„მოსამართლისთვის წყლის შესხმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს დაიწყო არსებითი განხილვა, დაცვის და ბრალდების მხარემ ვთქვით შესავალი სიტყვა, ასევე სასამართლომ გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების სახე და პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მესამედ დააპატიმრა. მოსამართლეს არგუმენტაცია იყო, რომ ციხეში მყოფი ნიკა მელია ზემოქმედებას მოახდენდა მოწმე პოლიციელებზე, გაანადგურებდა მტკიცებულებებს და მიიმალებოდა. დიდი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა მოსამართლე ელენე გოგუაძეს“, – განაცხადა კვინიკაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.
ნიკა მელია მსჯავრდებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლაგი კაპიტალის“ ორ წარმომადგენელს ბრალი ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე წარედგინა

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა