უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის დროებით შეჩერება სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. ზელენსკის აზრით, რუსეთი ამ დროს იარაღის მარაგის შესავსებად და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.
“უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზზე პაუზა ომის შეჩერება არაა. ეს ომის დასასრული არაა. ამას არ მივყავართ პოლიტიკურ დიალოგამდე რუსეთის ფედერაციასთან, ან ვინმე სხვასთან. ეს პაუზა მხოლოდ რუსეთს წაადგება”,- განაცხადა ზელენსკიმ ესტონეთში ვიზიტის დროს.
ზელენსკი ესტონეთში თავისი რეგიონული ტურის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც ლიეტუვასა და ლატვიაში ვიზიტსაც მოიცავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში ყოფნის დროს თქვა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო ძალებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ რუსეთის ჯარის შეჩერება შესაძლებელია. თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინას დასავლური იარაღი, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვითი სისტემები სჭირდება.
ზელენსკიმ ისიც ახსენა, რომ მას კარგად ესმის, ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინის დახმარება შეუძლიათ, თავადაც არ აქვთ იარაღის დიდი მარაგი.
ომის დაწყებიდან, თითქმის ორი წლის თავზე უკრაინამ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ გააძლიერებს შიდა თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას და იმუშავებს ერთობლივ პროექტებზე უცხოეთის მთავრობებთან მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის წარმოებისთვის.
ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდამჭერები არიან. ზოგიერთი ბალტიისპირეთში წუხს, რომ ეს ქვეყნები, შესაძლოა მოსკოვის შემდეგი სამიზნე იყვნენ.