ანა ნაცვლიშვილი – ვინ ლაპარაკობს ეკლესიაზე, ფასეულობებსა და კულტურაზე? – საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლება, გელათის ჩამომრეცხავი ხელისუფლება – მგელი ცდილობს მოირგოს ცხვრის ქურქი

ვინ ლაპარაკობს ეკლესიაზე, ფასეულობებსა და კულტურაზე? – საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლება, გელათის ჩამომრეცხავი ხელისუფლება. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ლოცვის საიდუმლოს ისმენდა ფარული მიყურადებით და ჩანაწერებს აკეთებდა. ახლა ცდილობს მოირგოს მგელმა ცხვრის ქურქი, მაგრამ ჩვენ ხომ ფაქტები კარგად გვახსოვს, – ასე შეაფასა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადება, რომ უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებენ, რომლითაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში აღნიშნა, თუ საპარლამენტო უმრავლესობას სისხლის სამართლებრივი პროცესის წარმოება სურს, ის გელათის ტაძართან დაკავშირებით აწარმოონ. ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში მმართველი ძალა თავად აღმოჩნდება სამართლებრივი დევნის ობიექტი.
„რაც შეეხება ამ საკანონმდებლო ინიციატივას, სრული ფარისევლობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის დროსაც კორუფციისა და უთავბოლობის გამო დაიკარგა გელათის უნიკალური ფრესკები იმ სახით, რა სახითაც ის ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამაზე მე სამი წელია შეტანილი მაქვს საჩივარი საქართველოს პროკურატურაში და სწორედ რელიგიური და კულტურული ძეგლის განადგურების გამო ვითხოვ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სად არის „ოცნება“ ამ დროს? გასუსულია! არც ერთხელ არ ჩასულან გელათში, არც ერთხელ არ უნახავთ ეს უმძიმესი შედეგები მათი მმართველობის. ეს არ არის მარტო კულტურის მინისტრის პასუხისმგებლობა, მთელი გუნდია პასუხისმგებელი როგორც სამთავრობო, ისევე საპარლამენტო, იმაზე, რაც ხდება გელათში, ამიტომ თუ უნდათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დიდი ხანია ეს თემა არის და პირველი თვითონ მოჰყვებიან ამ პასუხისმგებლობის ქვეშ და ღირსებიც არიან. გელათი, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი კულტურული და რელიგიური ფასეულობა, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა.
ეს ხელისუფლება ცდილობს ძალიან ეშმაკურად მოირგოს პატრიოტი, რელიგიის, კულტურის, ეკლესიის გულშემატკივარი ხელისუფლების როლი და ეს ყველაფერი ძალიან ბინძურად გამოიყენოს ძალაუფლების ინსტრუმენტად. თუმცა საზოგადოება ხედავს რეალობას. ვინ ლაპარაკობს ეკლესიაზე, ფასეულობებსა და კულტურაზე?- საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლება, გელათის ჩამომრეცხავი ხელისუფლება. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ლოცვის საიდუმლოს ისმენდი ფარული მიყურადებით და ჩანაწერებს აკეთებდა სასულიერო პირებისა და მათთან მისული მრევლის. ახლა ცდილობს მოირგოს მგელმა ცხვრის ქურქი, მაგრამ ჩვენ ხომ ფაქტები კარგად გვახსოვს.
ერთი თვეა გასული, არც კი, ტაძარში სალოცავად შესული ადამიანი დაგვიხვრიტა საოკუპაციო ძალამ და ხმა არ ამოუღიათ წესიერად- გარდაცვლილი უწოდეს გინტურს, ასეთი ძალაა ეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის არსებობას, როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, მისთვის ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია სტალინის გამოსახვა ხატზე.
„მთლიანად ეს პროცესი ცოტა გარედან რომ შევხედოთ, ძალიან ჰგავს დადგმულ პროვოკაციას მოსკოვის მხრიდან. ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული ინსტრუმენტები, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ФСБ-ში იწერება მსგავსი სცენარები, არაერთი გვინახავს და მაქვს მოლოდინი, რომ სხვაც იქნება, იმიტომ, რომ როდესაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და უფრო მეტი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოვიდეთ ამ საბჭოთა ჭაობიდან და თანამედროვე სახელმწიფოდ შევდგეთ, რა თქმა უნდა, მარტივად თავის გავლენებს არ დათმობს და ფაქტია ისიც და მძიმე რეალობა, რომ პრობლემა მხოლოდ რუსეთი კი არ არის საქართველოსთვის, პრობლემაა რუსული ხელისუფლება, რომელიც მისი ინტერესების პირდაპირი გამტარია და სასათბურე პირობებს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, მაშინ, როდესაც საკუთარი მოქალაქეებისთვის ვერ შეუთავაზებია ნორმალური დასაქმება, სამუშაო ადგილები და ადამიანური ცხოვრება.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია სტალინის გამოსახვა ხატზე. ერთადერთი დადებითი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის ის, რომ კიდევ ერთხელ ამ საკითხის გააქტიურებამ და სტალინის გააქტიურებამ, ძალიან მძლავრ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას უნდა დაუდოს საფუძველი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში