24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოკლე განცხადებით თანახმად:
“სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეჩერებისკენ და ის, რომ საჭიროა, მოსკოვმა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი მოგვარებისთვის“.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო უწყებამაც. რუბიო-ლავროვის შეხვედრის შესახებ მოსკოვის განცხადებაში ვკითხულობთ:
„საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე, ანკორიჯში უმაღლეს დონეზე გამართული რუსეთ-ამერიკის შეხვედრაზე მიღწეული ურთიერთგაგების განვითარების ჭრილში. დადასტურდა ორმხრივი დაინტერესება მშვიდობიანი გამოსავლების ძიებისადმი“.
რუსეთის საგარეო უწყება ალასკაზე გამართულ შეხვედრას არაერთხელ ახსენებს:
„ს.ვ. ლავროვმა აქცენტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის მზადყოფნაზე მიჰყვეს რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების მიერ ალასკაზე შემუშავებულ ხაზებს, მათ შორის – ამერიკის მხარესთან უკრაინის კონფლიქტის პირველადი მიზეზების აღმოფხვრისთვის ძალისხმევის კოორდინაციაზე“.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლავროვი „ომის გაჭიანურების სქემების შექმნაში“ ადანაშაულებს კიევსა და „ევროპის ზოგიერთ დედაქალაქს“.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ ლავროვი-რუბიოს შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის „საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტაქტების“ აღდგენის პერსპექტივა და აგრეთვე „ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისთვის რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მიერ მიცემული იმპულსის გამოყენების მნიშვნელობა“.
რუბიოსა და ლავროვის შეხვედრას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ნიუ იორკში, რომლის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, მისი აზრით, “უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, არის იმ პოზიციაში, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს უკრაინა მისი თავდაპირველი ფორმით. დროით, მოთმინებითა და ევროპის, კერძოდ ნატოს ფინანსური დახმარებით, საკმაოდ კარგი ვარიანტია თავდაპირველ საზღვრებამდე მისვლა, საიდანაც ეს ომი დაიწყო”. იმავე განცხადებაში ტრამპმა რუსეთი “ქაღალდის ვეფხვს” შეადარა.
უკრაინის პრეზიდენტისთვის ტრამპის ეს განცხადება, როგორც “ფოქს ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მოულოდნელი და გამამხნევებელი იყო.
ფორუმი
