2023 წელს ბუნებრივი კატასტროფები მსოფლიოს $250 მილიარდი დაუჯდა

მულტინაციონალური გერმანული სადაზღვევო კომპანია Munich Re-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოს ბუნებრივი კატასტროფები 250 მილიარდ დოლარამდე დაუჯდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, შტორმები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში იმაზე უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე – წერს Bloomberg.
სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, ბუნებრივმა სტიქიებმა $66 მილიარდის ღირებულების ქონება გაანადგურა, ევროპაში კი ზარალი $10 მილიარდს აღემატება, საიდანაც $8 მილიარდის ღირებულების ქონება დაზღვეული იყო.
თავად გერმანიაში, მას შემდეგ, რაც 1881 წლიდან მონაცემთა შეგროვება დაიწყო, 2023 წელი ყველაზე ცხელი იყო. წინა წლებისგან განსხვავებით, რომლებიც გვალვით და თბური ტალღებით გამოირჩეოდა, 2023 წელს ახასიათებდა განსაკუთრებულად მაღალ ტენიანი ჰავა და გაზრდილი ატმოსფერული ნალექები.
გასული წლის ყველაზე გამანადგურებელი და, შესაბამისად, მაღალი ზარალის მქონე ბუნებრივი მოვლენები თურქეთსა და სირიაში თებერვალში მომხდარი მიწისძვრებია. Munich Re-ს გამოთვლებით, სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა $50 მილიარდს მიაღწია და მას 58 ათასი ადამიანი ემსხვერპლა – რითაც თურქეთისა და სირიის მიწისძვრები როგორც ყველაზე მასშტაბური, ისე ყველაზე დიდი ზარალის მქონე ბუნებრივ კატასტროფებად შეიძლება ჩაითვალოს.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ 2022 წელს ანალოგიური ბუნებრივი კატასტროფებისგან მიღებულმა ზარალმა $95 მილიარდი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ