ფაქტი ძალიან მძიმეა – ის, ვინც გაბედავს და კანონის საწინააღმდეგოდ გადადგამს ნაბიჯს, დააზარალებს ეკონომიკურად, პოლიტიკურად ან სახელმწიფოებრივად საქართველოს, ადრე თუ გვიან მას მართლმსაჯულება მიაკითხავს, ეს არის ჩვენი სტილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ყველა ჩამდენი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
„ფაქტი ძალიან მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამისი საჯაროდ გამოტანა შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ჩვენთვის პოლიტიკურად საზიანოა, ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ. არის თუ არა ეს ჩვენთვის პოლიტიკურად საზიანო – არ იქნება ჩვენთვის პოლიტიკურად წარმმართველი. ის, ვინც გაბედავს და კანონის საწინააღმდეგოდ გადადგამს ნაბიჯს, დააზარალებს ეკონომიკურად, პოლიტიკურად ან სახელმწიფოებრივად საქართველოს, ადრე თუ გვიან მას მართლმსაჯულება მიაკითხავს – ეს არის ჩვენი სტილი. მოსაზრებები იმის შესახებ „ჩვენ ეს პოლიტიკურად ხომ არ დაგვაზიანებს“, ვერ შეგვაჩერებს. კანონსაწინააღმდეგო ქმედების ყველა ჩამდენი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებულიყო, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ვისი ხელშეწყობით, როგორ და რა ფორმით ჩაიდინეს ეს დანაშაული, პროკურატურა გვაცნობებს.
„აქ მიჩქმალვას ადგილი არ ექნება. აზრიც არ ექნება რომ მიჩქმალო. არცერთი ფაქტი არ იქნება მიჩქმალული რა დონის ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამაში გარეული, ხელს არავინ დააფარებს და ქართველ ამომრჩეველს არავინ არაფერს არ დაუმალავს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის.
