თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ციხიდან წერილს აგზავნის და მისთვის წარდგენილ ბრალს უარყოფს. ის ირწმუნება, რომ ესპანეთში, კერძოდ მალაგაში, სახლი თბილისში გაყიდული ორი ბინის საფასურით აანაზღაურა, ქონებრივ დეკლარაციაში მისი მითითების ვალდებულება კი არ ჰქონდა.
წერილს ბურჭულაძის ადვოკატზე, მარიამ შათირიშვილზე დაყრდნობით გამოცემა IPN ავრცელებს.
“ვინაიდან ჩემმა დაკავებამ საზოგადოებაში დიდი და არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია, მსურს, განვმარტო ამ ეტაპზე ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული აბსურდულობა. ის, რომ საზოგადოებას მედიის საშუალებით სამართალდამცავი ორგანო აწვდის ინფორმაციას, თითქოს ესპანეთში შეძენილი სახლი არ შევიტანე დეკლარაციაში, აღნიშნული არის სიცრუე. ჩემი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება მოიცავდა 2024 წელს. აღნიშნულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხით სასამართლოდან გამოსული პროკურორი ასევე შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა მედია და საზოგადოება და უპასუხა, რომ „ბურჭულაძემ დეკლარაცია შეავსო მარტში“, თუმცა არ მიუთითა ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვის სავალდებულო პერიოდი, რაც წარმოადგენდა 2025 წლის 1-ელ იანვარს. აღნიშნული იყო არა მხოლოდ საჯაროდ გაჟღერებული ცრუ ბრალდება, არამედ ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. მე თავდაცვის მინისტრის პოსტი დავტოვე 2024 წლის თებერვალში და 2025 წელს შევავსე დეკლარაცია 2024 წლის შემოსავლების შესახებ, რა დროსაც ვიხელმძღვანელე “დეკლარაციის შევსების შესახებ“ კანონით. სახლი ესპანეთში ოჯახის მიერ შეძენილია 2025 წელს. რაც შეეხება აღნიშნული ქონების შეძენას, თითქოსდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციით – მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გამოძიების დაწყებისთანავე მიცემულ ჩვენებებში დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ქონების რეალიზაციით დაიფარა აღნიშნული სახლის საფასური. მას შემდეგ, რაც დავტოვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, ოჯახმა 3 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა, რომელთაგან მხოლოდ ორიც ერთობლიობაში უზრუნველყოფდა სადავო ქონების შეძენას. გასხვისებულ ქონებას ჩემი ოჯახი ფლობდა 15 წლის წინაც, მათ შორისაა ორი ბინა თბილისში, რომელსაც დღეს სხვა მფლობელები და მოსარგებლეები ჰყავს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება”, – ვკითხულობთ ბურჭულაძის წერილში.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს. ყოფილ მინისტრს თანამდებობით ბოროტად სარგებლობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის ვერსიით, მან ჯერ საკუთარ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან და საკუთარი ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან ერთად თავდაცვის სამინისტროსთვის 1 333 728 ლარის ზიანის მიყენებას ედავებიან. ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულები არიან აღნიშნული პირებიც.
გარდა ამისა, უწყების ვერსიით, “2025 წლის იანვარში ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ, დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება. ხსენებული მეთოდებით ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია”.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




