ჟურნალისტი თამო კეშელავა:
შინიათ პოლიციამ არ უღალატოთო – ტყუილია, ხალხო, ეგა, მაგის კი არა, იმის ეშინიათ, პოლიციელს საკუთარი თავი, საკუთარი შვილი, საკუთარი ოჯახი არ გაახსენდეს ემან.
როგორ უნდა უღალატოს ახლა პოლიციელმა კობახიძეს, რა აქვთ საერთო? ერთნაირი პრობლემები აქვთ, თუ ერთნაირი სიხარული?
როგორ უნდა უღალატოს ახლა პოლიციელმა მდინარაძეს? რომელი პოლიციელთა მეგობარი მდინარაძეა?
თუ კობახიძე და მდინარაძე პოლიციელთა მეგობრები არიან, როგორ მოხდა, რომ პოლიციელების ხელფასით ნორმალური კვება, ჯანსაღი კვება შეუძლებელია?
აი, ტელევიზიებიდან რომ გვარიგებენ ხოლმე ჭკუას, რამდენჯერ და რა უნდა ვჭამოთ, იმდენჯერ და ისე რომ ჭამოს, მხოლოდ ერთი, საკუთარი თავის გამოკვებაში არ ეყოფა ეგ ხელფასი.
ქირას თუ იხდის, ხომ საერთოდ.
დაზღვევა? – რამდენი ისტორია ვიცი, მაგათი დაზღვევიდან, მათ ოჯახებს ან რა კლინიკები ემსახურებიან და ან როგორ.
გადამზადება? – ან არ აქვთ, ან არ ვარგა.
პოლიციის შენობაში ვინც ხართ ნამყოფი, კი გეცოდინებათ, გაფუჭებული როზეტები, ზოგან კარიც კი გაფუჭებული, დაყრილი ყუთები, პარკები, სუსტი ტექნიკა, ორი განყოფილება ვნახე ამ ბოლოს და ორივეს წინ ნაგავი ეყარა.
ყავის აპარატი რომ ყავის აპარატია, ელემენტარული, ისიც კი არ დგას პოლიციის შენობაში.
რამდენჯერ და რამდენს გინახავთ, პოლიციელი სიგარეტის ჯიხურში, იმ საშინელ, ორლარიან ყავას რომ ყიდულობს?
წყალს ლამის ტუალეტის ონკანებიდან სვამენ. ნახულობთ ტენდერებს, ვისთვის ყიდულობენ სასმელ წყალს? მაშინ გეცოდინებათ, რომ უბრალოდ პოლიციელებისთვის – არა.
და ფეხსაცმელი?
დააკვირდით, განსაკუთრებით ზაფხულში, განსაკუთრებით იმათ, შუა ქუჩებში რომ აყენებენ, თითქოს და საცობის განსატვირთად – 40 გრადუს სიცხეში რომ ზამთრის ფეხსაცმლები აცვიათ, იმიტომ რომ ზაფხულის არ მისცეს, თავად რომ იყიდოს და ჩაიცვას, მაგის უფლებაც არ აქვს.
შოვში წაიყვანეს გადაუმზადებელი პოლიციელი და მოკვდაო, მოვკალითო, კი არა, მოკვდაო.
გამოძახება იყო, შეურაცხადი პირი, ფიზიკურად ძლირი, დანით ხელშია ქუჩაშიო, მხოლოდ 3 პოლიციელი გაუშვეს და სამივე დაჭრა. ნეტა რატომ? ხომ არ იცით?
დაწინაურებაა და თუ არ ჩააწყო, ისე არ ეღირსება.
უკანონო ბრძანებებია და ოხრად აქვთ შესასრულებელი. ცრუ მოწმეობაა და აიძულებენ.
დაპირდნენ დაგიცავთო, ვერ გაიგებენ თქვენს ცრუმოწმეობასო და დაკეტეს სასამართლო პროცესები – რა სიბრიყვეა, 21–ე საუკუნეა, სახელი ვიცით, გვარი, ვიზუალი და მისი ფოტოს პოვნას რა უნდა.
მეტი და მეტი ადამიანი უყურებს ქუჩაში ზიზღით, იცის რა, რეებს აკეთებინებენ და აკეთებს.
ოთარ ჩრდილელის შვილის და მოსამართლის და რომ დადიან აქციებზე, გავიგეთ და რამდენმა პოლიციელმა ნახა თავისი შვილი იქ, სადაც ახალგაზრდების ცემა დაავალეს, იცით?
რამდენმა პოლიციელმა ნახა დის შვილი, მეგობრის შვილი, მეგობარი, ნათლული, იქ, სადაც უკანონოდ ცემა და დაკავება დაავალეს ხალხის, იცით?
არა, მათ არ ეშინიათ, რომ პოლიციელი უღალატებს, როგორ შეიძლება უღალატო მას, ვინც არ გემეგობრება?
ვინც, როცა შენ და შენს შვილს წესიერად საკვებიც არ გაქვთ, მიდის და ძვირადღირებულ საათებს და ნახატებს ყიდულობს?
როცა შენ ბანკის ვალს ვერ იხდი და მთელი ხელფასი ლამის ქირაში მიდის, მოხუცი მშობლები ვერ მოგივლია და დარდი გჭამს, წინაპრების სახლი უპატრონობით გენგრევა, ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?
კი, ცოტა ზემდგომებისთვის ბინები აქვთ ხოლმე, ასე, საბჭოურად, კოლექტიურად, სადაც სულ ძალოვნები და ძალოვნები იქნებიან ერთად, თითქოს სამსახურში არ გყოფნიდეს მათთან ერთად ყოფნა, ისე, რომ უბანსაც ვერ აირჩევ, ოღონდ, ესეც იმდენად ცოტასთვის, იმდენად, იმდენად…
რომ კითხო, ნელა შენდებაო… საერთოდ რატომ შენდება? არ აქვს სახლი? დაუსუბსიდირე ყიდვა, დასვი კონკრეტული თანხა სულადობის მიხედვით და დაასუბსიდირე – ეს იქნებოდა ნორმალური, ადამიანური მიდგომა. სადაც უნდა, როგორსაც უნდა, ისეთს იყიდის.
მაგრამ, ხელფასი რომ მათხოვრული გემეტება, რა ნორმალურ ყოფაზეა საუბარი.
ხოდა, არა ღალატი ვერ იქნება, რადგან მათ შორის არ არის ბმა, არც მეგობრული, არც ადამიანური, არც სამსახურეობრივი.
მათ შორის არის მხოლოდ ბატონობა, და მოთხოვნა, ემსახურონ როგორც მონა, დაარღვიონ კანონი, როცა მოსთხოვენ, აკეთებინონ სიბინძურე, როცა დასჭირდებათ, აცემინონ საკუთარი შვილები და მათი მეგობრები…
აი, ამ ბატონ–მონობის მოშლის ეშინიათ.
იმის ეშინიათ, რომ შეიძლება რიგითმა პოლიციელმა გაიგოს, რომ რაღაც უკეთესი არსებობს, რაღაც უკეთეს იმსახურებს, რომ ადამიანია, რომ შეიძლება ოჯახზე იზრუნოს, მოხუც მშობლებს მიხედოს, კანონი არ დაარღვიოს, ცრუ მოწმედ არ დადგეს და სიბინძურე არ აკეთოს და იმ დამადლებული, არსაკმარი ლუკმისთვის.
იმის ეშინიათ, რომ ფრაზამ – რამდენი ხელისულებაც უნდა შეიცვალოს, ჩვენთვის არავინაა – არ დაკარგოს აქტუალობა.
არადა, თუ ევროკავშირისკენ გავაგრძელებთ სვლას, პირიქით იქნება ეგ, რამდენი ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს, ვინც უნდა იყოს პრეზიდენტი და პრემიერი, შს მინისტრი, თუ სუსის უფროსი, სულ ერთი იქნება, ევროპული სისტემა იმუშავებს, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის იქნება პრიორიტეტი.