ALTA-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ნოკა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ გეგმებში ინოვაციური სერვისების, ციფრული პლატფორმების, ლოიალობის პროგრამების განვითარება და ისეთი გამოცდილების დანერგვა აქვს, რომელიც საქართველოში საცალო ვაჭრობის ახალ სტანდარტს ჩამოაყალიბებს. მან ამის შესახებ BM.GE-ს განუცხადა.
ის აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია მის კარიერაში მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რომელსაც სიამაყით იღებს.
“ალტა” დიდი ისტორიის მქონე კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში იყო და არის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო ბაზარზე საქართველოში. ეს ნდობა და არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად გვიცხადებენ ჩვენი მომხმარებლები, არის მთავარი მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით ვიმუშაოთ.
ჩემი მთავარი მისიაა იმ მყარი საფუძვლის გამოყენებით და ძლიერი გუნდთან ერთად შევქმნათ ისეთი ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებელს მისცემს მაქსიმალურ კომფორტს – როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ სივრცეში. ვგეგმავთ, განვავითაროთ ინოვაციური სერვისები, ციფრული პლატფორმები, ლოიალობის პროგრამები და ისეთი გამოცდილება, რომელიც საქართველოში საცალო ვაჭრობის ახალ სტანდარტს ჩამოაყალიბებს. ვაცნობიერებ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა – როგორც გუნდთან, ისე მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და მთლიანად ბაზართან. მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ გავაგრძელოთ წარმატებული გზა და გავაუმჯობესოთ ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენი ბრენდი ყოველდღიურად სთავაზობს მომხმარებლებს.
მადლობას ვუხდი კომპანიის გუნდს, პარტნიორებს და თითოეულ მომხმარებელს ნდობისთვის. ეს არის გზა, რომელსაც ერთად გავივლით – მეტი ხარისხის, მეტი სანდოობის და მეტი სიახლეებისკენ”, – აღნიშნავს ALTA-ს CEO.




