გამხმარი თხილის ფართობები 7 000 ჰა-ს გასცდა – “იმედი გვაქვს, სამინისტრო კიდევ ერთხელ შეეხიდება სექტორს”

თხილის ხმობის პროცესი დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია შეიმჩნევა, თუმცა წელს გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, დაზიანებულია 7 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი და ხმება განსაკუთრებით ევროპული ჯიშის თხილის ბაღები, რისი მიზეზიც ბაქტერიული დაავადებაა. ამ დაავადებას ბოლო წლები ებრძვის არაერთი ქვეყანა, მათ შორის თხილის ბაზრის მთავარი მოთამაშე თურქეთიც.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭირო წამლობა ფინანსურად საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ მერაბ ჭითანავა პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების გარკვეული მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.
“თხილის ხმობის პრობლემა საქართველოში ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით 7 ათას ჰექტარს გადასცდა. ვფიქრობთ, რომ მთელი ფართობების 10%-ზე არის მხოლოდ გავრცელებული. პრობლემა ის არის, რომ ყოველწლიურად ეს შეიძლება გაორმაგდეს. 4 წელზე მეტია ვცდილობთ იდენტიფიცირებას რა არის ამის მიზეზი, მივედით იმ დასკვნამდე და გაგვაჩნია ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომ ეს დაავადება ფსევდომონას ბაქტერიაა, რომელიც გავრცელდა საქართველოში და თხილის ბაღებს ახმობს.
მის წინააღმდეგ ბრძოლის პროტოკოლი შემუშავდა, რაშიც აქტიურად სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი გვეხმარებოდა. გვაქვს პროტოკოლი, რომლითაც შეიძლება ამ პრობლემის შეჩერება და ხმობის გაჩერება ბაღებში, რაც არის სპილენძით ინტენსიური წამლობა პირველ რიგში და რამდენიმე ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება.
პრობლემა ის არის, რომ სპილენძით წამლობა ძალიან ძვირია და ალბათ მინიმუმ ფერმერისგან 1 ჰექტარზე 1 000 ლარის აგროქიმიკატის შეძენას მოითხოვს. ფერმერებისთვის ეს თანხა კოლოსალურად მაღალია. საქართველოს სექტორი 60-65% მცირე საოჯახო მეურნეობებისგან შედგება, მათ ასეთი ინტენსივობით წამლობის ჩატარების შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
აუცილებელია გარე დახმარება გაჩნდეს ამ პროცესში. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეეხიდება სექტორს და დაეხმარება ამ პრობლების გავრცელების შეჩერებაში”, – აცხადებს მერაბ ჭითანავა.
აღსანიშნავია, რომ თხილის უეცარი ხმობის გამო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კონსულტაციისთვის ტურინის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის პროფესორის ვლადიმირო გარნაჩას დაქირავებას გეგმავს. ამ მიზნით ცენტრი 15 000 ევროს ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში თხილის ხმობის პროცესზე დაკვირვება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და ნიმუშების აღებაც მოხდა. ირკვევა, რომ ასეთ პირად ტურინის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის პროფესორი შეირჩა, რომელმაც თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა. მისი ვიზიტი საქართველოში სექტემბერში იგეგმება.