ვლადიმერ პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრაზე რუსეთსა და ირანს შორის არსებული „მეგობრული ურთიერთობების“ შესახებ ისაუბრა.
„მსურს ხაზი გავუსვა ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს, რუსეთ-ირანის მრავალმხრივი ურთიერთობების ბუნებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ირანთან „მუდმივ კონტაქტშია“.
„ჩვენ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტში ვართ, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს სთხოვა, რომ ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მისი მოკითხვა გადასცეს.
„გთხოვთ, საუკეთესო სურვილები და მოკითხვა გადასცეთ ირანის უზენაეს ლიდერს, ბატონ ხამენეის“, – განუცხადა პუტინმა პეზეშკიანს.
