ხუთშაბათს დილით კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. დაშავდა, სულ მცირე, 48 ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქები 629 რაკეტითა და დრონით დაბომბა. კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და რადიო თავისუფლების ოფისებსაც.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი გამოიძახა.
„ბიბისის“ ცნობით, კიევზე თავდასხმის გამო რუსეთის ელჩი დიდმა ბრიტანეთმაც დაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული თავდასხმის შედეგები რეგისტრირებულია 20-ზე მეტ ადგილას – დარნიცის, დნეპრის, სოლომიანსკის, შევჩენკოვსკის, ჰოლოსიევსკის, ობოლონსკისა და დესნიანსკის რაიონებში.
მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელ შენობები დნეპრისა და დარნიცის რაიონებში.
რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.
ფორუმი
