7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს

პროკურატურის განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.
დაყადაღებულია “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, „დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, „საფარისა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.
მათი თქმით, “ორგანიზაციების მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.
პროკურატურის მტკიცებით, “აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად”.
“ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.