ორი ოპოზიციური პარტია – ენმ და “გახარია საქართველოსთვის” მზად არიან დაიწყონ გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებული სტატიის გამო.
„ნიუ იორკ თაიმსში “ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, რესპონდენტებს შორის არის გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, რომლის ინტერვიუს ნაწილი სკანდალური გახდა საქართველოში.
ამ სკანდალს მოყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება რაზმაძის იმპიჩმენტის შესახებ. პარტია “გახარია საქართველოსთვის” ასევე აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს.
გორის საკრებულოში სწორედ ეს ორი ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი ფრაქციებით.
რაზმაძის საკითხი ასევე მორიგი დაპირისპირების თემა გახდა ენმ-ს და “გახარია საქართველოსთვის” შორის.
ენმ-მ გახარიას პარტია დაადანაშაულა რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
“ტროლად და ჯამბაზად ქცეულო, ნუ ემალებით რაზმაძის იმპიჩმენტს – შეუერთდით მოღალატე თავმჯდომარის გადაყენებას!” – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას.
ბოკუჩავამ განაცხადა, რომ გორის საკრებულოს “გახარიას პარტიის” ფრაქციის წევრები ემალებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებს, გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ.
საპასუხო განცხადება გაავრცელა გახარიას პარტიამ:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ტყუილს, რომ თითქოს ჩვენი პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე – ეს არის სიცრუე და ემსახურება ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ.
ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს”.




