ბოლო ორ კვირაში უფრო მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ბოლო სამ წელიწადში, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რუსეთთან ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ამჟამინდელი მდგომარეობიდან პოზიტიურ მხარეს თუ დავინახავთ, ჩვენ 1944 წელს გამოსავალი ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელსაც შევძლებთ გამოსავლის პოვნას, რათა რუსეთის აგრესიული ომი დასრულდეს და ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გატაცებული „ყველა ბავშვი ოჯახებს უნდა დაუბრუნდეს“.
„ეს მოლაპარაკებებში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „მშვიდობის მიღწევა ერთიანობით უნდა მოხდეს“.
„ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი მოდელის განხილვით დავიწყებთ. თუ მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა გვსურს, მაშინ ეს ერთიანობით უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.
