რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს მარიამობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მარიამობას ულოცავს ყველა კათოლიკეს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს, ხვალ კი საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები თბილისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძრის დღესასწაულს იზეიმებენ.
„საქართველოს კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
ხვალ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები თბილისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძრის დღესასწაულს იზეიმებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მარიამობას ულოცავს ყველა კათოლიკეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.