თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს

ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამ წუთას, მე განვიცდი. სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ხალხს ამოესუნთქოს და ბედნიერები ყოფილიყვნენ, – ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული პირის, თედო აბრამოვის დედამ ლელა გორგიაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ლელა გორგიაშვილმა, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, მისი შვილის უდანაშაულოდ ცნობისა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ვიდეო ზარით დარეკა და თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, აქციებზე დაკავებულ სხვა პირებს კი, გათავისუფლება უსურვა.
„ვინც ჩემი შვილის გვერდზე იდექით და თანადგომას უცხადებდით, ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საბერძნეთში არის მარიამობა და მარიამობის ძალა და მადლი გფარავდეთ ყველას. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი დღის ძალიან დიდი იმედი მქონდა, ამ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი სრულიად უფალს ვიყავი მინდობილი. მადლობა უფალს, თქვენ, თითოეულ ტელევიზიას, საქართველოს მასშტაბით თითოეულ ადამიანს თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, ყველა იმ იოტისოდენა სითბო და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილისთვის გაიმეტეთ. ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამ წუთას მე განვიცდი. სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ხალხს ამოესუნთქოს და ბედნიერები ყოფილიყვნენ.
ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამ წუთას, მე განვიცდი, ბედნიერებას. სიხარულის ცრემლები მალე განეცადოთ და მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები. ვუსურვებ, სიმართლე აღდგეს და მალე გახარებულები ყოფილიყვნენ”,- განაცხადა ვიდეო მიმართვისას თედო აბრამოვის დედამ, ლელა გორგიაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.