მედია – უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლში რადიოქარხანას დაარტყეს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა 26 ივლისის ღამეს სტავროპოლის რადიოქარხანა „სიგნალის“ საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც რუსეთში რადიოელექტრონიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, – ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედია განმარტავს, რომ „სიგნალის“ რადიოქარხანა სპეციალიზებულია რადიოელექტრონული ომის საშუალებების, რადარის, რადიონავიგაციის აღჭურვილობის, დისტანციური მართვის რადიო აღჭურვილობის წარმოებაში და მუშაობს ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. ქარხანა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.
„უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მომუშავე მტრის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას. თითოეული ასეთი დარტყმა აჩერებს წარმოების პროცესებს და ამცირებს მტრის სამხედრო პოტენციალს. ეს სამუშაო მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.