„ქართულ ოცნებას“ ისტერიულად უნდა, რომ აღიარონ – ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ზუსტად მათი აღიარების პროცესს უწყობს ხელს და ამიტომ არის ამ არჩევნებში მონაწილეობა დიდი შეცდომა! – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ლევან ყურაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ყურაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ თუ ერთის მხრივ, თეა წულუკიანის კომისიასთან არ თანამშრომლობ და ამის გამო ციხეში მიდიხარ, ლოგიკური და თანმიმდევრული ნაბიჯია, რომ ფარსში, რასაც ხელისუფლებამ არჩევნები დაარქვა, მონაწილეობა არ მიიღო.
ყურაშვილის თქმით, პარტიები, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეებს აუხსნიან თუ რატომ არის სწორი, რომ არჩევნებში არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ არც ამომრჩევლებმა მიიღონ მონაწილეობა.
“როდესაც ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობაზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ხალხთან [“ქართულ ოცნებასთან“] თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ადამიანები ციხეში სხედან იმიტომ, რომ მათთან არ თანაშრომლობენ.
ჩვენ ეს ხელისუფლება სატელიტ – “ხალხის ძალისნაირ“ პარტიებთან ერთად მარტო უნდა დავტოვოთ, რადგან არის არალეგიტიმური და არაღიარებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
უნდათ, რომ ის, რაც გააკეთეს, შერჩეთ და სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის და ცხოვრება გრძელდება. მათ შორის ჩვენი ნაბიჯები – ართანაშრომლობის ნაბიჯები იწვევს იმას, რომ მათ არსად ხელს არ ართმევენ. წინა წლებში შუა აზიის რესპუბლიკებში ერთი შეხვედრა რომ არ ჰქონიათ, ახლა ხუთჯერ და ათჯერ უწევთ ჩასვლა“, – განაცხადა ლევან ყურაშვილმა.
ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალების თაობაზე მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების მხრიდან ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა გამორიცხულია.
როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვერ წარმოუდგენიათ, თუ რატომ შეიძლება ადამიანები ციხეში პრინციპების გამო წავიდნენ.
“გამორიცხულია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ მიხეილ ყაველაშვილს რაიმე ფორმით შეწყალების თხოვნით მიმართონ. მით უფრო გამორიცხულია, რომ ჩვენმა კოალიციამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ყაველაშვილის პირობაა: – წერილი დამიწერეთ, მომეცით პირობა, რომ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, მთხოვეთ და შეგიწყალებთ. ეს გამორიცხულია! ეს სამი ლიდერი ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით ორი მიზეზის გამო არ მიმართავს – მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და შესაწყალებელი არაფერი სჭირთ. მეორე – მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანი არ არის, ვისაც შეწყალების უფლება აქვს. ყაველაშვილი არის ამ ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტი.
მათ გაკეთებული აქვთ გააზრებული არჩევანი. ციხეში ყოფნა არავის მოსწონს და არავინ თვლის, რომ კარგია, მაგრამ როცა არჩევანს არ გიტოვებენ, როცა არჩევანი არის სირცხვილს, ნათქვამი სიტყვის გადათქმასა და ციხეში წასვლას შორის, სწორი არჩევანია ციხეში წასვლა! ეს “ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს არ ესმით. რამდენიმე წლის წინ ივანიშვილმა თქვა, თავით კედელს რატომ ასკდებითო. მას ვერ წარმოუდგენია, რატომ შეიძლება ადამიანები ციხეში პრინციპების გამო წავიდნენ.
“ქართული ოცნების“ უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ციხეში პრინციპების გამო წახვიდე, როცა შეიძლება იყო გარეთ, გქონდეს იახტა, საცურაო აუზი და იცხოვრო ბედნიერად. ახლა ისეთი მდგომარეობაა, როცა შეიძლება არც ერთი დარჩეთ, არც მეორე, არც მესამე და ციხეშიც მოუწიოთ ყოფნა, ოღონდ ამაში ჩვენ არ შევუწყობთ ხელს – ამას თვითონ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს“, – განაცხადა ლევან ყურაშვილმა.
