მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბედუინებმა 18 ივლისს ისრაელელი მოსახლეებს ბრალად დასდეს, რომ მათ ღამით მოაწყვეს თავდასხმა, 117 ცხვარი მოკლეს და ასობით მოიპარეს, რაც Reuters-ისთვის, ფერმერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, როგორც ჩანს, ისრაელის მიერ ოკუპირებული მიწებიდან ფერმერების განდევნის მცდელობას წარმოადგენს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ კვირაში იტყობინებოდა, რომ ებრაელი მოსახლეებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმების რაოდენობა წელს რეკორდულად გაიზარდა.
ისრაელის არმიამ, რომელიც აკონტროლებს არეალს, არ უპასუხა ალ-ქააბანის ბედუინების თემის შინაურ ცხოველების მასობრივ ხოცვის შესახებ კომენტარის გაკეთების მოთხოვნას.
Reuters-ის სააგენტოს დამოუკიდებლად არ შეეძლო დაედასტურებინა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე.
პალესტინის ავტონომიის მინისტრმა, მოაიად შაბანმა დაგმო ინციდენტი და მას რეგიონიდან პალესტინელების განდევნის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი უწოდა.
„ცხვრები და სხვა ცხოველები დახოცეს და ესროლეს“, – განუცხადა მან Reuters-ს.
„ისინი ამ ინსტრუმენტებს იყენებენ ამ ხალხის დასაშინებლად, რათა დატოვონ ეს ტერიტორიები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო დასახლებული“, უთხრა მან სააგენტოს.
გაერომ ამ კვირაში განაცხადა, რომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მასობრივმა გადაადგილებამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია მას შემდეგ, რაც ისრაელმა თითქმის ექვსი ათწლეულის წინ პირველად დააწესა ამ ტერიტორიაზე სამხედრო კონტროლი.
ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ იანვრიდან მოყოლებული ებრაელ მოსახლეთა თავდასხმა პალესტინელებზე ან მათ საკუთრებაზე 757-ჯერ მოხდა – რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.
2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის ძალებმა და ახალმოსახლეებმა სულ მცირე 964 პალესტინელი მოკლეს. იმავე პერიოდში, პალესტინელების თავდასხმების ან შეიარაღებული შეტაკებების დროს 53 ისრაელელი დაიღუპა. აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ, ამ კვირაში მოითხოვა პალესტინელი- აშშ-ის მოქალაქის მკვლელობის სრული გამოძიება. ის 11 ივლისს დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეებმა ცემით მოკლეს. ელჩმა ეს „კრიმინალურ და ტერორისტულ აქტად“ შეაფასა.
გაეროს უზენაესმა სასამართლომ გასულ წელს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების, მათ შორის დასავლეთ სანაპიროს, ოკუპაცია უკანონოა და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
ისრაელი ამას უარყოფს და უსაფრთხოების საჭიროებებს, ასევე ისტორიულ და ბიბლიურ კავშირებს ასახელებს იმ მიწასთან, რომელიც მან 1967 წლის ომის შედეგად დაიპყრო. იორდანეს დასავლეთ სანაპირო იმ ტერიტორიებს შორისაა, სადაც პალესტინელებს საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ.