აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პირველად, განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი თანხების გამოყოფას, იუწყება CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს რუსეთისთვის სიგნალის გასაგზავნად.
ამ კვირაში რუსეთმა უკრაინასთან ომის მანძილზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, ერთ ღამეს გაუშვა 728 დრონი, შვიდი „ისკანდერ-კ-ის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ექვსი „კინჟალის“ ტიპის აერობალისტიკური რაკეტა.
შესაძლო დაფინანსების ახალი წყარო გაურკვეველია, თუმცა CBS News-ის წყაროების თანახმად, ტრამპს თავისი წინამორბედი ბაიდენის ადმინისტრაციისგან დაახლოებით 3.85 მილიარდი დოლარი დარჩა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უკრაინაში აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის გასაგზავნად.
პრეზიდენტს ასევე აქვს უფლებამოსილება, ჩამოართვას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივები და ეს თანხები უკრაინას გადაუგზავნოს. CBS News-ი აღნიშნავს, რომ არც ტრამპს და არც ბაიდენს ეს უფლებამოსილება არ გამოუყენებიათ.
2022 წლის დასაწყისიდან აშშ-მა უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა. ტრამპმა ადრე გააკრიტიკა ეს ხარჯები და მოუწოდა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ, პარალელურად დროდადრო აკრიტიკებდა ორივე მხარეს.
ბოლო ხანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრამპის უპრეცედენტოდ მკაცრი გამოთქმების სამიზნე გახდა.
ფორუმი