„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების მიერ იარაღის დაყრის შემდეგ თურქეთისთვის ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ტერორისტულმა ორგანიზაციამ ადრე დაშლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. გუშინ, კი ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე იარაღი დაყარა. გუშინდელი დღე ტერორიზმის 47-წლიანი ეპოქის დასრულებას აღნიშნავს. დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა და დიდებული თურქეთის კარი ფართოდ გაიღო“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, პარასკევს, ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლის მიერ იარაღის დაყრის შემდეგ „თურქეთის ოთხმოცდაექვსმა მილიონმა მოქალაქემ გაიმარჯვა“.
„ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ. ჩვენ ამ ყველაფერს თურქეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის ვაკეთებთ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
