თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, თქვენი ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა – ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?

ეს არის კვაზი ორგანო – კვაზი რას ნიშნავს მანდ იურისტები ხომ იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში, – ასე უპასუხა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც მანამდე კითხვა დასვა: „ეს ტრიბუნალია?!“.
მხარეებს შორის მსგავსი დიალოგი მოჰყვა წულუკიანის განცხადებას, რომ კომისიის წევრებს კითხვები დაესვათ, რაზეც გახარიამ თქვა: „კითხვებზე რატომ გადავდივართ, არ დამისრულებია“.
პასუხად, წულუკიანმა განაცხადა: „მე გადავწყვიტე რომ ვსვამთ კითხვებს. დამშვიდდით, დაწყნარდით. ა და ბა“.
ამის შემდეგ გახარიამ იკითხა: „ეს ტრიბუნალია?! ბრალდებულის რანგში ვარ აქ?!“, რაზეც წულუკიანმა თქვა: „ეს არის კვაზი ორგანო. კვაზი რას ნიშნავს მანდ იურისტები ხომ იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში“.
ამასთან, მოგვიანებით, წულუკიანმა გახარიას უთხრა, რომ კომისიაზე მომზადებული მივიდა, ალიბიც აქვს, თუმცა ეს ალიბი არ ვარგა.
„ჩემი თხოვნა იქნება, თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ ეს ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა,“ – მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „თქვენ ჩემზე ნუ ღელავთ“.
“შენ ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?” – ესეც გახარიას მისამართით წულუკიანის კიდევ ერთი რეპლიკა იყო.