„ოცნების“ მთავრობაში განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე იქნება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების ახალ მინისტრად გივი მიქანაძე წარადგინა.
გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
მიქანაძე განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის პოსტით გაავრცელა.
“დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს. მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა”, – აცხადებს წულაძე.
ალექსანდრე წულაძე პოსტზე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. ის მანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.