ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ ამჯერად 2027 წლის პირველ ივლისამდე გადავადდა. მთავრობის დადგენილებით, მომდევნო 2 წელი ბირჟა გარდამავალ რეჟიმში იმუშავებს.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2-წლიანი გადავადების საჭიროებას ვერ ხედავენ და ხარვეზების ბევრად მოკლე ვადაში გამოსწორების შესაძლებლობაზე მიუთითებენ.
საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სალომე ჯანელიძე ამბობს, რომ საქართველო გაერთიანების მხრიდან დადგენილ მოთხოვნებს წლებია არღვევს, რაც შესაძლოა საქმის წარმოების დაწყების საფუძველი გახდეს. მისივე თქმით, დარღვევის აღმოჩენა გაერთიანების თვითმიზანი არ არის და არსებობს სურვილი, რომ ქვეყანამ შეძლოს ბაზრის გახსნა იმ რეჟიმში, რომ ის მორგებული იყოს ერთი მხრივ ევროპულ სტანდარტებს, მეორე მხრივ კი მთავრობის მხრიდან დანახული რისკები იყოს გადაზღვეული.
“იმედი გვქონდა და მოლოდინი, რომ პირველ ივლისს ბაზარი სრულად გაიხსნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ნამდვილად არ წარმოადგენს ენერგეტიკული გაერთიანების თვითმიზანს, რომ ყოველ დარღვევაზე სასწრაფოდ დარღვევები დაადგინოს. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ქვეყანას, რომ ჰქონდეს ისეთი ბაზარი, რომელიც საუკეთესო იქნება მისთვის და რომელიც ამავდროულად შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ ვაპირებთ, რომ ძველებურად ვითანამშრომლოთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურ ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში, როგორც სამინისტროსთან, ასევე სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან, როგორიც არის კომისია, სისტემის ოპერატორები, ბაზრის ოპერატორები და სხვა. იმედი გვაქვს, ამ რეჟიმში მივაღწევთ ბაზრის სრულად ამოქმედებას. ქვეყანა არის საკმაოდ დაინტერესებული და მონდომებული, რომ შეასრულოს ეს ვალდებულებები. რა თქმა უნდა, კარგად არ ჩანს, როდესაც შვიდჯერ და რვაჯერ გადაავადებ ბაზრის გახსნას და მით უმეტეს ორი წლის ვადით, თუმცა ამავდროულად სამინისტროსთან გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი ურთიერთობა.
ვახერხებთ, რომ ვითანამშრომლოთ მეტ-ნაკლებად ყოველდღიურ რეჟიმში, მით უმეტეს შეგახსენებთ, რომ საქართველო წელს არის რეზიდენტი ქვეყანა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოში და ამ ფორმატშიც საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ფორმალური გადადება არ არის და ნამდვილად იმის იმედი მაქვს, რომ სამინისტრო ორ წლიან პერიოდს იმისთვის გამოიყენებს, რომ მაქსიმალურად ისეთი მოდელი შეიმუშაოს, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის გამართულ მუშაობას. ზოგადად ორწლიანი ვადა ჩემი გადმოსახედიდან არის ძალიან დიდი. მგონია, რომ უფრო ნაკლებ პერიოდშიც არის შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ გადაიხედოს ბაზრის კონცეფცია და თუ რეალურად არის იქ რაიმე გამოწვევა, ერთობლივად შევიმუშაოთ შესაბამისი გადაწყვეტის გზები,” – აცხადებს Energy Community-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში სალომე ჯანელიძე.




