რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა მოლდოვის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ვადად 4 ივლისი დაასახელა – ამ დღეს ევროპა-მოლდოვის პირველი სამიტი იმართება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც ამავე დღეს დაიწყება.
მან 4 ივლისი, როგორც მოლაპარაკებების დაწყების თარიღი, 26 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ჩასვლის შემდეგ დაასახელა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, მედიასთან საუბარშ მან თქვა, რომ წინა განცხადება “შეცდომა იყო”, თუმცა არ აუხსნია, რით იყო ეს შეცდომა გამოწვეული.
სინამდვილეში როდის დაიწყება მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე? – ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ამ დროისთვის არ არსებობს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან პრობლემა არ აქვთ, თუმცა არ არის გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევები ერთად უნდა იქნეს განხილული თუ ცალ-ცალკე. უკრაინის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებას უნგრეთის მუდმივი წინააღმდეგობა ართულებს – მოლდოვის საკითხის ცალკე დაძვრის იდეას კი მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
რაც ნამდვილად ცნობილია, ისაა, რომ კიშინიოვში 4 ივლისს მაია სანდუს პირველად ექნება სამიტი ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად – ამ სამიტის დღის წესრიგი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
სამიტს წინ უსწრებდა 2 ივნისს ევროკავშირის საბჭოს დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც მხარდაჭერილია მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მდგრადობა და ეკონომიკური განვითარება.
„ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოლდოვის რესპუბლიკასთან, რათა გააძლიეროს ქვეყნის მდგრადობა და სტაბილურობა იმ ფონზე, როცა რუსეთი მუდმივად ახორციელებს დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობას, მათ შორის ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვაა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
