„იქნებ ქვრივიშვილმა გულთან ახლოს მიიტანოს უბედურება, რაც გუდაურში გვჭირს“ – რას ითხოვს ბიზნესი ახალი მინისტრისგან?(bm.ge)

„იქნებ ქვრივიშვილმა გულთან ახლოს მიიტანოს უბედურება, რაც გუდაურში გვჭირს“ – რას ითხოვს ბიზნესი ახალი მინისტრისგან?(bm.ge)
მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია BMG-ის ეთერში იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც გუდაურის კურორტს აქვს და მათზე რეაგირებას ეკონომიკის ახალი მინისტრისგან, მარიამ ქვრივიშვილისგან ელის.
როგორც მან გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით მთის კურორტებზე და, მათ შორის, გუდაურში, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, რაც კურორტის ინფრასტრუქტურული გაუმართაობით აიხსნება. როგორც ესაკია აღნიშნავს, სახელმწიფოს ამ დრომდე უკვე ჰქონდა ასოციაციის მიერ BMG-ის ეთერში გაჟღერებულ პრობლემებზე რეაგირება, რაც აჩვენებს, რომ ამ გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელია.
“რატომ მივიღეთ ჩვენ ტურისტების ასეთი დაბალი სეგმენტი? ჩვენი ქვეყანა, რომლის მთავარი შემოსავალიც არის ტურიზმი, რატომ მივიდა ამ კატასტროფამდე? აქამდე რომ მივიდეთ, პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. მიწევს მწვავე განცხადებების გაკეთება, რომ ჩვენი პრობლემები გავაგონო ამ ხალხს. ტელევიზიით გაჟღერებული გზის პრობლემა ახლა მოგვარებულია, აგებენ გზას; მეორეც, გუდაურში რომ ყოველთვის კრიმინალი, ჩხუბი იყო, მადლობა -ს, ძლივს გვაღირსა გუდაურში პოლიციის კარგი უფროსი. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რაღაცების მოგვარება ამ მთავრობას შეუძლია.
ამიტომ მინდა გავაჟღერო – ეკონომიკის ახალ მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს პირადად შევხვედრივარ და ვიცი, გუდაური უყვარს; იქნებ გულთან ახლოს მიიტანოს ეს ჩვენი უბედურება, რაც გვჭირს გუდაურში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოქმედებს ზემოდან ქვემოთ – კანონდამრღვევზეც, სახელმწიფოზეც, ჩვენს იმიჯზეც და გრძელვადიან პერსპექტივაში ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება”, – განაცხადა ასოციაციის თანადამფუძნებელმა.
როგორც ის აღნიშნავს, კურორტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკანონო ჯიხურებია, რომელთა მფლობელებსაც ელექტროენერგია ჯიხურებამდე, სავარაუდოდ, უკანონო გზებით აქვთ მიყვანილი, ანაგვიანებენ ტერიტორიას და არ იცავენ მინიმალურ სტანდარტებს.
“უსაფრთხოება მოგვარდა, გზა ძლივს მოგვარდა, დარჩა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც ძალიან მასშტაბური გახდა. აქამდე ამაზე ხმა არ ამომიღია, თანავუგრძნობდი უკანონო ჯიხურების მფლობელებს, რომელთა სიმრავლემაც ისე მოიცვა ჩვენი კურორტი, რომ ხედიც აღარ დარჩა, რომ ფოტო გადაიღო – ეს ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანეს, გარდა იმისა, რომ ესთეტიკურად არის ჯოჯოხეთი. მარიამ [ქვრივიშვილმა] ეს იცის და იქნებ გვიშველოს. მეორეც, ეს ჯიხურები მოიხმარენ ელექტროენერგიას, ალბათ უკანონოდ, ესეც გასარკვევი და გამოსაძიებელია, საბაგიროდან არის დენი გადმოჭიმული პირდაპირ, ყოველგვარი უსაფრთხოების დაცვის გარეშე, მანქანები დადიან ზედ და ბავშვმა რომ გაიაროს, შეიძლება დენმა დაარტყას. ეს ჯიხურებში გადმოყვანილი დენი ზამთარში საფრთხეს უქმნის თვითონ საბაგიროს მუშაობასაც. ვთხოვთ სახელმწიფოს, ამას შეხედონ, რომ ფატალურ შედეგამდე არ მივიდეთ.
შემდეგ, ეს ჯიხურები ყრიან არა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, არამედ ზეთს, პენოპლასტის ნარჩენებს, ისეთი ნაგავი ყრია ბუნებაში, თითქოს ომი მოხდა – ეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც უნდა გადმოვიდეს ტურისტი, ფოტო გადაიღოს… კი არ ვითხოვთ, რომ ეს ადამიანები დავიჭიროთ, ჯიხურები გადავუყაროთ, არ მივცეთ ოპერირების საშუალება – უჭირთ ამ ადამიანებსაც. ვთხოვთ სახელმწიფოს, გააკეთოს ამ ადამიანების აღრიცხვა, როგორც ეს ანანურის შემთხვევაში მოხვდა – სახელმწიფომ აუშენა ლამაზი, ევროპული სტანდარტების ჯიხურები – ამ სტანდარტში მოაქციონ გუდაურიც, გამოუყვანონ ოფიციალურად დენი, დაუდგან მრიცხველები”, – განაცხადა მირანდა ესაკიამ.
როგორც მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია როგორც სახელმწიფო, ასევე კონკრეტულად მთის კურორტების განვითარების სააგენტოც – მთის ტრასების სააგენტო (MTA) – რომელსაც ამ ყველაფერზე რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია.
“ეს არის წლების ამბავი, ალბათ 7 წლის წინ დაიწყო ერთმა, და დაუსჯელობის სინდრომით, აჰყვა მეორე, მერე მესამე… იმხელა მასშტაბს მიაღწია ამ დანაგვიანებამ და სიგიჟემ, რომ წელს რომ ავედით, ვერავინ ვუშველით ამ დაბინძურებას, ვერანაირი ტექნიკა ვერ უშველის. ამიტომ გადავწყვიტეთ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი და გადასარევად იცის ეს MTA-მ.
ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია გუდაურის მენეჯმენტთან, MTA-სთან მიდის ლაპარაკი. ფოტოებსაც ვუგზავნი, ვიდეო მასალასაც, მაგრამ არანაირი რეაგირება არ აქვთ. ეს დანაგვიანებული მიწები მათ ეკუთვნით, საბაგიროები მათ ეკუთვნით და ნუთუ არ იციან, რომ დენს ჰპარავენ? ისევ მარიამს მივმართავ, როგორმე გაარკვიოს, რატომ არ აქცევს MTA გუდაურს ყურადღებას? ზაფხულის სეზონს რომ ხსნის, სად უშვებს იმ ტურისტს?!” – განაცხადა მირანდა ესაკიამ BMG-ის ეთერში.
მისი თქმით, ამ გამოწვევების ფონზე, რასაც მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ემატება, გუდაურში შემცირდა როგორც მაღალბიუჯეტიანი ევროპელი ტურისტებისა და ექსპატების ვიზიტები, ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტებიც აზიიდან.