“შარშანდელთან შედარებით ხორბლის მოსავლის 10%-იან ზრდას ველოდებით” – ბენიაიძე

ხორბლის მოსავლის აღების პროცესი იწყება. საქართველოში წელს ფერმერები საშუალო მოსავლიანობას ელოდებიან და ამბობენ, რომ ხარისხი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე კონკრეტულ არეალებში არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში ახლა შედის, ხარისხზე გადაჭრით საუბარი რთულია.
მარცვლეულის მწარმოებელთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ მოსავლის თვალსაზრისით, წელს ზრდას ელიან. მისი ვარაუდით, გასულ წელთან შედარებით ხორბლის მოსავლიანობის ზრდა 10%-იანი იქნება.
“შარშან იყო კარგი მოსავალი, მაგრამ შედარებით ნაკლები ფართობები იყო დათესილი. ფასის შედარებით წამოწევასთან ერთად ფართობები მცირედით გაიზარდა და მოსავლიანობის ზრდას ამ ნაწილშიც ვფიქრობთ.
რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის ფასი, რომელიც საქართველოში არ დგინდება და ძირითადად ფასები დან და ყაზახეთიდან მოდის. წლის ბოლოს, სეზონის დასაწყისამდე ფაქტობრივად ლარამდე იყო ადგილობრივი ხორბლის ფასი. ახლა დაიწყო დაბალი ფასით მოსავლის გაყიდვა”, – აღნიშნა ბენიაიძემ.
მან ყურადღება მოსავლის აღების ხარჯებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დაწეულია ფასები, მაგრამ ჯერ მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში არ არის.
“იცით, რომ ფერმერს სჭირდება მოსავლის აღებისთვის კომბაინებზე თანხები, როგორც ტრანსპორტირება, ასევე დასაწყობებამდე. მკვეთრად არის დაწეული ფასები, თუმცა ამას ბოლომდე ჯერ ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ აქტიურ ფაზაში არ არის ჯერ მოსავლის აღების პროცესი და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოსწორდება. შტაბის სამუშაოებს ველოდებით, რომ იყოს რეალური ფასები, იყოს სამართლიანი ფასები, როგორც წისქვილისთვის, ასევე მეპურისთვის და ასევე ფერმერისთვის”, – ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.