„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.
ცვლილებით, წესრიგდება შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომით/სამეწარმეო საქმიანობასთან, შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობისა და თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის პირობებთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთანავე, კანონით რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა და უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა, შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა.
„ცვლილებები მიმართულია ქვეყნის შრომითი ბაზრის დაცვისკენ, შრომითი მიგრაციის პროცესების გამჭვირვალობისა და აღრიცხვიანობისკენ, რაც საშუალებას მოგცემს ვაწარმოოთ სწორი სტატისტიკა. ასევე, ეს საშუალებას მოგცემს ვიცოდეთ, რომელ კერძო სექტორებში გვაქვს შრომითი რესურსის დეფიციტი, შევძლოთ საკუთარი შრომითი რესურსის გადამზადება, მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ქართულ ეროვნული ეკონომიკაში წარმატებით ინტეგრაცია“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს