„ბიზნესში ჩარევა არ ხდება, სამაგიეროდ, ისეთი გარემოა დღეს საქართველოში, რომ ძალიან რთულია ბიზნესის კეთება“ – რესან ქიქავა
„შექმნილ გარემოში ახალი ინვესტიციების შემოდინებაზე საუბარი ზედმეტია“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ განუცხადა და ქვეყანაში არსებული ვითარების პარალელურად, ბიზნესისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა. 2025 წლის პირველ კვარტალში FDI-მ 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალურ ჭრილში 2021 წლის შემდეგ (143.8 მილიონი დოლარი) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რომ შევხედოთ წლიურ მონაცემებსაც, 2024 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.334 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის (1.246 მლრდ დოლარი) შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
როგორც რესან ქიქავა აღნიშნავს, დღეს საქართველოში ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა არ ხდება, თუმცა ამის საპირისპიროდ ქვეყანაში შექმნილია პირობები, რის გამოც, ბიზნესის კეთდება არის რთული. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, არსებული გაურკვეველობის ფონზე კომპანიებისა და მომხმარებელთა განწყობები გაუარესებულია, რაც ბიზნეს საქმიანობას ართულებს.
„ინვესტიციებთან დაკავშირებით თუკი რამე ხდება, ყველაფერი ცნობილია. ვხედავთ, რომ ქვეყანაში შექმნილ გარემოში ახალი ინვესტიციების შემოდინებაზე საუბარი ზედმეტია. ბიზნესში ჩარევა არ ხდება და ეს ამ ქვეყნისთვის პლუსი კი არის, იმიტომ, რომ სხვა პერიოდებიც გვახსოვს. სამაგიეროდ, ისეთი გარემო არის დღეს საქართველოში შექმნილი, რომ ბიზნესის კეთება არის ძალიან რთული. როგორც ვახსენე, ადამიანების განწყობა არის ეკონომიკის და ბიზნესის წარმმართველი. როდესაც სხვადასხვა ინსტიტუტის მოქმედების შედეგად ქვეყანაში შექმნილია ნეგატიური განწყობა და მოლოდინები, ბიზნესისთვის ძალიან რთულია, რომ ინვესტორები, საკუთარი თანამშრომლები, მომხმარებლები და საკუთარი თავი დააჯეროს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთულია, რომ ამ ვითარებაში იმუშაო იმ ენთუზიაზმით, რაც აქამდე გქონდა, მომხმარებელმა კი კვლავ ძველებურად დახარჯონ ფული მომსახურებას, პროდუქტებსა და სერვისებში – ყველა ეს საკითხი არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული და აქედან გამომდინარე, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის პოვნაც რთულია“, – აღნიშნავს რესან ქიქავა.
გამოსავლის ძიების ნაწილში საუბრისას რესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, ხელისუფლებაში მყოფი პირები კონსტიტუციის ჩარჩოებს დაუბრუნდნენ და მოინახოს შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი.
www.bpn.ge
