“გორგია” ერევანში შოურუმს ხსნის – ინვესტიცია 1 მლნ ლარამდეა

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“, რომელიც კორპორაციას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სფეროში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოებას აგრძელებს. კომპანია ამჯერად სომხეთის ბაზარზე, კერძოდ ერევანში ახალ შოურუმს ხსნის, რომელიც 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და დაახლოებით 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.
როგორც “გორგიას” გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა bm.ge-სთან განაცხადა, მათ უკვე აქვთ ოფისები აზერბაიჯანსა და ბულგარეთში, თუმცა სომხეთის შოურუმი ყველაზე დიდი საცალო ვაჭრობის ობიექტი იქნება, რომლის განვითარებაშიც კომპანიამ დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.
“ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა საერთაშორისო გაფართოება. ხვალ ჩვენ გავხსნით ერევანში 3 000 კვადრატული მეტრის ფართობის შოურუმს. ჩვენ უკვე გვაქვს ბულგარეთში საცალო და საბითუმო მიმართულების ვაჭრობა. ეს იქნება ყველაზე დიდი შოურუმი, რომელიც გორგიას აქვს საზღვარგარეთ. ჩვენ გვაქვს ასევე ოფისი საცალო და საბითუმო მიმართულებით ბაქოშიც, მაგრამ ყველაზე დიდი შოურუმი პირველად ერევანში გაიხსნება, სადაც დაახლოებით 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ და დაახლოებით 100-მდე ადამიანი დავასაქმეთ.
ეს იქნება საცალო მიმართულებით ვაჭრობა. ჩვენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტები გვექნება, იქნება ეს ავეჯი, თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სომხეთში ჩვენ აქამდე ვმუშაობდით B2B მიმართულებით, გვქონდა ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი, იქაც ვართ წარმოდგენილები ცნობილი ბრენდებით და ახლა დავაგვირგვინეთ რიტეილით.
ბრენდი, რომელსაც ჩვენ საზღვარგარეთ ვავითარებთ ეს არის „ანთა“, რადგან “გორგია” სხვადასხვა ტიპის ემოციებს და სხვადასხვა ტიპის აზრებს წარმოშობს და გამოთქმის კუთხითაც სხვადასხვა ქვეყნისთვის რთულია. ბულგარეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში ყველგან ვოპერირებთ ბრენდით „ანთა“,-განაცხადა თორნიკე გურულმა.