მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილში 1.5 კილომეტრზე მეტი სისქის ყინულის ქვეშ ხმელეთის ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 34 მილიონ წელზე მეტია. კვლევის პროცესში გამოიყენეს რადარი, რომლის მეშვეობითაც ყინულის ქვეშ მაღალი ქედები და ღრმა ხეობები აღმოაჩინეს. ტერიტორია ნაკლებად შესწავლილ რეგიონში – უილქსის მიწაზე მდებარეობს. ანტარქტიდის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უილქსის მიწაზე ყინული გაცილებით ცივია და ნელა გადაადგილდება, რაც ლანდშაფტის კარგად შენარჩუნებას უწყობს ხელს.
კვლევის ხელმძღვანელი დარემის უნივერსიტეტის (კვლევითი უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოში) გეოგრაფიის პროფესორი სტიუარტ ჯეიმისონია. მისი თქმით, ეს ადგილი უფრო უცნობია, ვიდრე მარსის ზედაპირი. კვლევის ავტორების განცხადებით, აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ მილიონობით წლის წინ ანტარქტიდის ამ ნაწილში არსებობდა მძლავრი მდინარეები, ხშირი ტყეები და ზომიერი კლიმატი.
„ჩვენ ვიხილეთ უძველესი ხმელეთის ზედაპირი, რომელიც არ განადგურებულა ყინულის საფარის მიერ. როგორც ჩანს, ის მდინარეების მოქმედებით ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ყინულები გაჩნდებოდა“, — აღნიშნა პროფესორმა ჯეიმისონმა.
კვლევის ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ როცა სუპერკონტინენტმა გონდვანამ დაშლა დაიწყო, მიწის გადაადგილებამ წარმოქმნა ბზარები, რომლებმაც, დიდი ალბათობით, ლანდშაფტი ცალკეულ ბლოკებად დაყო. ეს აღმოჩენა არამხოლოდ ანტარქტიდის წარსულის უკეთ შესასწავლად არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია დედამიწაზე განვითარებული გეოლოგიური პროცესების უკეთ გასაგებად.