სს „ექსპო ჯორჯია“ თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანია ამ ეტაპისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას თბილისის მერიასთან ათანხმებს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „ექსპო ჯორჯიას“ თავმჯდომარე ბიზნესმენი მინდია საბანაძეა, კომპანიის წევრები კი ლაშა კახიშვილი, ნოდარ საბანაძე, ლევან მესხელი და ლადო ჩიხლაძე არიან.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 6 მრავალსართულიანი შენობის განთავსება. გარდა ამისა, ტერიტორიაზე შენარჩუნდება არსებული პავილიონები და რეკრეაციული სივრცე.
„საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირ #118-ში და #118ბ-ში მდებარე, სს „ექსპო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ, 100982 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც დღეის მდგომარეობით განთავსებულია პავილიონები (ე.წ. გამოფენის ტერიტორია).
ტერიტორია სამი მხრიდან შემოსაზღვრულია გზებით, ძირითადი ფრონტი განთავსებულია აკაკი წერეთლის გამზირის მხარეს, ხოლო დანარჩენი ნაწილები სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩებზე.
სამშენებლო განვითარება დაგეგმილია ნაკვეთის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ნარჩუნდება არსებული პავილიონები, ასევე რეკრეაციული სივრცე. ამდენად, საპროექტო ფუნქციური ზონის ფართობი და კოეფიციენტებია: საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2- 76373 კვ.მ, კ1-0.5, კ2-3.3; კ3-0.3. რეკრეაციული ზონა 1- 24609 კვ.მ, კ1-0.2, კ2-; კ3-0.8.
საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია 6 შენობის განთავსება, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა შეადგენს 30 სართულს და შეესაბამება მიმდებარედ არსებულ ინტენსივობას. კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ავტოსადგომები სრულად განთავსდება შენობებში, ძირითადად მიწისქვეშა სართულებზე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
