[გამყვან ტურიზმში] ტურისტული ნაკადები 40%-მდეა შემცირებული – Art Travel

გამყვან ტურიზმში ტურისტული ნაკადები 40%-მდეა შემცირებული, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Art Travel-ის დამფუძნებელმა, ანასტასია გაბუნიამ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, გლობალურმა მდგომარეობამ ყველაზე დიდი გავლენა ტურიზმზე მოახდინა, შესაბამისად ჯავშნების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.
„წლევანდელი წელი არ შემიძლია გასულ წლებს შევადარო, რადგან გლობალური მდგომარეობა ყველაზე მეტად ტურიზმზე აისახება. აქედან გამომდინარე, ჯავშნების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული კოვიდის შემდეგ.
ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი ჯავშნებით არ ვართ ისეთი კმაყოფილები, როგორც მოწინავე წლებში იყო. ნაკადების შემცირება დაახლოებით 30-40%-ით მოხდა, რადგან ადამიანთა უმრავლესობა თავს იკავებს და დაძაბულ რეჟიმში არიან“, – თქვა მან.
ანასტასია გაბუნია ხაზს ფასების კორექციასაც უსვამს და ამბობს, რომ ფასები ყოველწლიურად იზრდება. ის დასძენს, რომ ფასების ზრდა არა მხოლოდ ავია ბილეთის ან განთავსების ობიექტების გაძვირების ხარჯზე, არამედ მთლიანად სექტორში შემავალი ყველა სერვისის ხარჯზე მოხდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ყველაფრის ფასი ყოველწლიურად იზრდება. წელს, წინა წელთან შედარებით ფასები 20%-ით არის გაზრდილი. ხოლო, გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით 30%-იანი გაძვირება ფიქსირდება. დაახლოებით ვაღწევთ უკვე იმ ნიშნულს, როდესაც 100%-ით გვიძვირდება რაღაცები, ვიდრე 4-5 წლის წინ იყო, რაც მხოლოდ ავია ბილეთს და განთავსებას არ ეხება“, – განაცხადა ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება წელს აქტიურ მიმართულებებს, ანასტასია გაბუნიას განმარტებით, წელს ტროპიკული მიმართულებები, კერძოდ შრი-ლანკა, ტაილანდი და ბალია აქტუალური, ასევე აქტიური მოთხოვნაა საკრუიზო მიმართულებითაც. გარდა ამისა, დატვირთულია თურქეთის მიმართულებაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ნაცნობი მიმართულებაა.