სოციალურ ქსელში თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლის მშობელი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ეს ფოტოები ანას მანქანაში გადავუღე. მივდივართ სკოლის დამამთავრებელ კონცერტზე. და აქ ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ სხვა ფოტოები არ გვექნება .
ვეცდები ქრონოლოგიურად მივყვე ამბავს და მთავარი დეტალები მოგიყვეთ იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვგრძნობ იმ ადამიანებთან, ვისთანაც რეკომენდაცია ვუწედი ანას სკოლას და ბოდიში მოგიხადოთ _ ყველაფერი ოქრო არ არის რაც ბრწყინავს, სამწუხაროდ….
მოკლედ, დასრულდა სასწავლო წელი და მივდივართ სკოლაში, კონცერტზე. ანა შეიყვანეს იქ, სადაც ბავშვები სცენაზე გამოსასვლელად ემზადებოდნენ. დაიწყო წარმოდგენა. სცენაზე პეპი_ბავშვები გამოდიან — ვეძებ ანას და ვერ ვპოულობ. უცბად ვხედავ: დგას შეშინებული და დაბნეული. არ მახსოვს როგორ გავიარე დარბაზი და როგორ მივედი მასთან. მხოლოდ ის მახსოვს, რა დავინახე ჩემი შვილის თვალებში იმ წამს…
როცა ვკითხე, რატომ არ ავიდა სცენაზე, დაიწყო ტირილი და ძლივს გამაგებინა, რომ ტანვარჯიშის მასწავლებელმა სცენაზე ასვლის წინ, ბოლო წუთს, გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა — რადგან „ცეკვა არ იცოდა“, „ბევრს აცდენდა“ და „არ იყო მზად“.
ანა მართლაც ბევრს აცდენდა ბოლო პერიოდში, მაგრამ
თუ ჩათვალეს, რომ ბავშვი ვერ შეასრულებდა ნომერს, მინიმუმ, ვალდებული იყვნენ, რომ ჩემთვის ეთქვათ — მშობლისთვის, რომელსაც შეეძლო ემოციურად მოემზადებინა შვილი და თავიდან აერიდებინა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ ვინც მიცნობს, ყველამ იცის როგორ ვერ ვიტან სკოლა/ ბაღის კონცერტებს.
მეტიც, ერთი კვირით ადრე დამრიგებელმა მომწერა, რა უნდა სცმოდა, როგორ უნდა ჰქონოდა თმა, რომელ საათზე უნდა მისულიყო სკოლაში და აშ. ანუ თავადაც არაფერი იცოდა.
ახლა მეორე საკითხი. დავუშვათ ანამ არაფრი იცოდა. ისიც დავუშვათ, რომ მუსიკის რიტმს ვერ აყვებოდა. ისიც დავუშვათ, რომ ამ “გრანდიოზული” კონცერტის დაორგანიზებაში “გამორჩათ” ბავშვი, როგორ გაბედეს სცენაზე არ აყვანა? როგორ გაბედეს, რომ არ დააყენეს უკან, სიმბოლურად მაინც? რომ ეგრძნო თავი თანატოლებთან ერთად.
შედეგად — შვიდი წლის ბავშვი კუთხეში მიაყენეს, მიატოვეს და მოექცნენ ისე, როგორც არა ბავშვს, არამედ როგორც კონცერტის უმნიშვნელო დეტალს. როდესაც ვიკითხე რატომ მოხდა ასე, მასწავლებელმა გადააბრალა ორგანიზატორს, ორგანიზატორმა დამრიგებელს და ასე წრეზე იარეს
ბოლოს შევხვდი დირექციას. მან ტანვარჯიშის მასწავლებელთან ერთად ამ საკითხის განხილვა არ მოისურვა, რადგან თურმე ორსულადაა და უნდა მოვუფრთხილდეთ მისი და მისი შვილის ჯანმრთელობას და ფსიქო- ემოციურ მდგომარეობას და ჩემი და ჩემი შვილის მდგომარეობა “გავატაროთ”. ასევე, მისთვის თურმე აბსოლუტურად მისაღებია ტანვარჯიშის მასწავლებლის საქციელი იმ კონკრეტულ სიტუაციაში იმიტომ, რომ ის პროფესიონალიზმზე იყო ორიენტირებული და ვერ გაითვალისწინებდა მეორე კლასელი ბავშვი რო არ იყო ცეკვაში მომზადებული. აქ კომენტარს არ გავაკეთებ. ყველაფერი დღესვით ნათელია.
მარტივი მისახვედრია, რომ ამ სისტემისთვის პრიორიტეტი არა ბავშვია, არა მათი ემოციური მდგომარეობა, არამედ — გარე ეფექტი, ფასადი და სრულყოფილების ილუზია.
და რაც ყველაზე მეტად მტკენს გულს — 3 ზრდასრულიდან არცერთს არ მოსვლია აზრად, ბოდიში მოეხადა ან ანასთვის რამე თბილი ეთქვა. არცერთი გამოეხმაურა ბავშვის გრძნობას.
ვერცერთში ვიგრძენი უბრალო ემპათია — რასაც ასე ვეძებდი იმ დღეს. მხოლოდ დამრიგებლმა ჩაიხუტა და დაამშვიდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო
ეს იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი შვილისთვის.

ზუსტად ნახევარი საათი ტიროდა ანა.
მე კი მიწევდა ვყოფილიყავი ქვა და რკინა.
მომღიმარი. მშვიდი. მეთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა და რაღაც გაუგებრობა იყო.
რომ ძალიან მიყვარს და ჩემი ცხოვრების მთავარი პეპი გრძელიწინდაა 

სინამდვილეში, მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე.
მინდოდა მთელ სამყაროს გაეგო როგორ უსამართლოდ მოექცნენ ანას. რომ ბავშვები უნდა აღვიქვათ დამოუკიდებელ, სრულფასოვან არსებებად. და არაა ბავშვი ჩვენი „პროექტის ნაწილი” „შედეგის მომტანი“, უხმო, ადვილად მართვადი ფიგურა, რომელიც პრობლემას არ უნდა ქმნიდეს.
როცა სკოლა ან ნებისმიერი სისტემა პრიორიტეტად ფასადურ დამოკიდებულებას ირჩევს და შიგნით ერთი ბავშვიც კი დაჩაგრულია, სადაც კონცერტზე 1 ბავშვიც კი დგას სცენის მიღმა კუთხეში და ტირის, ვერ იტყვით რომ კონცერტი შედგა. სამარცხვინოა თქვენი საქციელი, სამარცხვინო 

კიდევ ერთს დავამატებ. ვიცი, რომ სკოლა/ბაღებში არ უყვართ ჩემნაირი მშობლები. სადაც ვფიქრობ რომ პრობლემაა, ჩუმად არ ვარ და ყოველთვის მაქვს სათანადო რეაქცია. შეგნებულად არ განვავრცობ თემას და არ მოვყვები სხვა დეტალებს ამ სკოლასთან მიმართებაში, რომლებიც “უმნიშვნელო” და ცოტა ნამდვილად არაა.
ვისაც არ შეგიძლიათ თავი ბავშვის ადგილას წარმოიდგინოთ, ვისაც არ დაგრჩათ თქვენში შინაგანი ბავშვი, ვისაც არ გესმით რომ ჭრილობა ყველაზე მეტად მაშინ გრჩება, როცა პატარა ხარ და ყველაზე მთავარი_ ვისაც არ შეგიძლიათ წვიმაში ყვავილების მორწყვა, არაფერი გესაქმებათ სკოლაში. 

გავა დრო… ანა გაიზრდება. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის იქნება, მაგრამ არასწორი უფროსების წყალობით, ყოველთვის გაახსენდება ის პატარა გოგო, 7 წლის, რომელიც კიდევ უფრო დაპატარავდა, ჭიანჭველისხელა გახდა და ატირებული უყურებდა თავის თანატოლებს, სცენის მიღმა….
სტატუსს ვაედითებ

ამ წამს ელაპარაკება ანა თავის კლასელს ტელეფონზე. იხსენებს იმ ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ მართლა დამეფიცება, ის დღე პარასკევის შემდეგ სახლში არ გვიხსენებია, და მესმის _ ნეტავ ამოვსულიყავი სცენაზე, თქვენ გიყურებდით და ისე გავაკეთებდი მოძრაობებს, მერე რა თუ შემეშლებოდა. ძალიან მინდოდა მხიარულად და საყვარლად დასრულებულიყო ჩემი მეორე კლასი და ასე არ მომქცეოდნენო. თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა • Georgian-American School of Tbilisi მინვაილ, თქვენს ფბ გვერდზე ზეიმის ვიდეოს აშეარებთ და წერთ რომ ასე მხიარულად და პოზიტიურად დაასრულეთ სასწავლო წელი. ბოლო წვეთია ეს
აქ აუცილებლად მოგნიშნავთ და შეგახსენებთ, რომ 7 წლის ბავშვისთვის მინიმუმ ბოდიში გაქვთ მოსახდელი, მინიმუმ.
