„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებაზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს კითხვის ფორმულირებაზე, რომელიც მას ამ საკითხზე „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
„კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული. ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ალბათ, უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ რუბიოს პასუხის მიხედვით, „ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს“:
„როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული. ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო“.
დღეს, 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, – აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მას საქართველოს შესახებ კითხვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
„200 დღეა, თავისუფლებისმოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?“ – იკითხა კონგრესმენმა.
უილსონს რუბიომ ასე უპასუხა:
„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, – [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას – ანტიამერიკულ მთავრობას – რეაგირება“.
ფორუმი
