ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა 1TV-დან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს

ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომლის: რეალური სივრცის კორესპონდენტისა და წამყვანის, თამარ მშვენიერაძისა და იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ კი სხვა სახის დისციპლინური სანქცია გამოიყენა.
თინათინ ბერძენიშვილმა მათ “მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო საყვედური გამოუცხადა და თანამშრომლები 12 თვის განმავლობაში “ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.
ტელევიზიის შეფასებით, “მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული”.