ყვარელში 27 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც იგივე მდგომარეობაა – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უამინდობის შედეგებზე

ძლიერი ქარი, თოვა, ნისლი და ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია ზვავსაშიშროება მაღალმთიან რეგიონებში, ძლიერი, 6 ბალიანი შტორმი ზღვაზე, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ზარალს ითვლიან. სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულდა ყვარლის მუნიციპალიტეტში. ძლიერი ქარის გამო, ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ აბონენტების ნაწილს დენი აღუდგა. მოგლეჯილი ხეებისგან გაწმენდილია შიდა და ცენტრალური გზები.
რაც შეეხება სახურავების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, რომელთა რაოდენობა 50 ოჯახს აჭარბებს, კომისიამ დაზარალებულები უკვე აღწერა. გადახურვითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი აცხადებს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ხარჯების დათვლა.
“ამ ეტაპზე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა დაშვებულია. მე ვფიქრობ დღის ბოლომდე ეს გზა გაიხსნება. ყვარელში 27 საცხოვრებელი სახლია დაზიანებული და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც თითქმის იგივე რაოდენობის სახლი დაზიანდა. ამინდის გამო სახლებია დაზიანებული, სადაც შევძელით იქ ე.წ. პალატკებით გადავხურეთ და ახლა მიმდინარეობს საფუძვლიანად ხარჯების დათვლა,” – აცხადებს მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ