ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ “ღამის კურიერის” ეთერში სტუმრობისას, აშშ-ში ქართული ეკონომიკური გუნდის ვიზიტი შეაფასა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ში ძალიან ინტენსიური შეხვედრები გაიმართა და საუბრები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა პოზიტიური გზავნილებით და დაბრუნდა პოზიტიური გზავნილებით.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება. განსაკუთრებით, ჩვენი ორი დიდი საერთაშორისო საფინანსო პარტნიორი ორგანიზაციის სახით. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი არის.
ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები ტარდებოდა ვაშინგტონში. ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ჩვენ ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ჩავედით გაძლიერებული დელეგაციით. გვქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვადასხვა დონეზე, ასევე, მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის პირებთან, სადაც ვისაუბრეთ, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მიმდინარე პროექტების სტატუსზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. იყო ძალიან კარგი სამუშაო ვიზიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საგაზაფხულო შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულია, ტარდება განსაკუთრებულ დროს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, ანუ გლობალური ეკონომიკური წესრიგის გადალაგება ხდება. ამ შეხვედრებში ყველა საუბრობდა იმ გამოწვევებზე, რაც ახლა არსებობს. საუბრობდა იმ გაურკვევლობაზე, არაპროგნოზირებადობაზე, რაც, ზოგადად, სუფევს გლობალურ ეკონომიკაში და კონკრეტული ქვეყნების წინაშე დგას. ასევე, თუ რამდენად ძლიერად ეგებება ესა თუ ის ქვეყანა გამოწვევებს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
რუსთავი 2
