კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს აკვირდება

„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღეს გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც განიხილება ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი. პროცესზე მონიტორინგს ფონდის ინიციატივა TrialWatch უზრუნველყოფს.
ფონდმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) მზია ამაღლობელის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, სადაც საუბარია მრავალგვარ უფლებრივ დარღვევებზე.
„მსოფლიო ადევნებს თვალს“, — წერს კლუნების ფონდი.
შეგახსენებთ, რომ „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ შეიქმნა ჯორჯ და ამალ კლუნების მიერ. ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უწევს იურიდიულ დახმარებას იმ პირებს, ვინც სიტყვით გამოხატვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დაცვას ესწრაფვიან.
მარტში ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ TrialWatch-ის ფარგლებში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი დაიწყებოდა.