2024 წელი არის გადამწყვეტი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, სად იქნება ქვეყანა – იქნება დამოუკიდებელ და თავისუფალ სამყაროში, რეალურად და არა მხოლოდ წარწერით, თუ წავა ნელი სვლით ისევ იმ ჯურღმულში, რომელსაც ჩვენ 30 წლის წინ თავი დავაღწიეთ, – ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარტიის მეორე ყრილობაზე განაცხადა.
მან იმ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებაც „ლელოს“ სურს და რომელსაც საკვანძოდ მიიჩნევს საქართველოს განვითარებისთვის. პროექტებს შორის ხაზარაძემ, პირველ რიგში, ანაკლიის პორტის განვითარება დაასახელა.
„მე საწყისშივე ვიყავი ჩართული ბადრი ჯაფარიძესთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ ინვესტორთან ერთად ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება ანაკლიის პორტის და ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, იმიტომ, რომ ეს პროექტი გააჩერა „ქართულმა ოცნებამ“ და გააჩერა იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს, ვის დავალებასაც ასრულებს ბიძინა ივანიშვილი, არ უნდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი იმიტომ, რომ ანაკლია აძლევს საშუალებას საქართველოს გახდეს ნამდვილი ცენტრი, ტვირთების გამანაწილებელი, ნამდვილად ის ადგილი, სადაც ათიათასობით სამუშაო ადგილი იქმნება და ეს პროექტი მოკლეს. ჭაობად აქციეს იქაურობა, ამას ჰქვია ნელი სიკვდილი! 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანაკლია გააჩერეს, ეს პროექტი არის გაჩერებული, შესაბამისად, საქართველოს, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს წაართვეს უზარმაზარი პერსპექტივა, უზარმაზარი რაოდენობით სამუშაო ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, აფხაზებთან ახალი ფურცლით და ახალი დიალოგის დაწყების საშუალება. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც ეხება ქუთაისის აეროპორტს, გარშემო ფინანსური და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობას, როგორც წალენჯიხაში, ჩვენ გავაკეთებთ მთელ საქართველოში IT სკოლების უფასო ქსელს, ეს არის მომავლის პროფესია, ის უნდა იცოდეს ყველამ, თუ გვინდა, რომ ვიყოთ ლიდერები, ინოვაციური და ტექნოლოგიური ერი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ნამდვილად გავხდით საქართველოს და კახეთს მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც დღეს არ ვართ. აუცილებლად შევქმნით ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში, გურიაში, აჭარაში, სპეციალურად მორგებულ ტურისტულ ძალიან თანამედროვე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ საქართველომ მიიღოს მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტი“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა პენსიების ზრდისა და ახალგაზრდების საქართველოში შენარჩუნების აუცილებლობაზე.
„ მესამე საკითხი არის პენსიის საკითხი – ჩვენ უნდა დავუნიშნოთ ჩვენს პენსიონერებს ათასლარიანი პენსია. ეს არის ჩვენი ღირსების საქმე. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს არის პოპულიზმი. პოპულიზმი თუ არის შენი მშობლებისთვის და ბებია-ბაბუებისთვის ღირსეული პენსიის დანიშვნა, დაე იყოს! ჩვენთვის ეს პატრიოტიზმია! ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს და როგორ მოვიზიდოთ ამისთვის ფული, როგორ დავამარცხოთ კორუფცია და დავგეგმოთ ბიუჯეტი.
კიდევ ერთი საკითხი, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ბილეთის ფასიც კი უთხრა და უთხრა წადით ქვეყნიდანო! ეს გზავნილი გადაითარგმნა რეალობაში, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი გენოფონდი ტოვებს საქართველოს. „ქართულ ოცნებას“ სწორედ ეს უნდა იმიტომ, რომ საქართველო დაიცალა ინტელექტუალური ძალისგან, დაიცალა იმ ხალხისგან, რომელმაც უნდა შექმნას ჩვენი მომავალი და რეალურად ჩვენ ვთავაზობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდამ ამერიკის და გერმანიის ბიუჯეტი კი არ გააძლიეროს, არამედ საქართველოში დასაქმდეს და საქართველოში შექმნას თავისი მომავალი. ამიტომ, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, რომ შემოვიღოთ ანაზღაურებადი პირველი სამსახურის ცნება, სადაც კურსდამთავრებულებს მიეცემათ საშუალება, 6 თვის განმავლობაში კერძო და სახელმწიფო ორგანოებში ანაზღაურებადი პირველი სამსახური მიიღონ. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გავარღვიოთ და ამისთვის მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გპირდებით, რომ უახლოეს 6 თვეში პირადად მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შემოვივლი 64-ვე მუნიციპალიტეტს და მივალ ყველა სოფელში“,- განაცხადა ხაზარაძემ.