“თუ საერთაშორისო ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება, საწვავი საქართველოში 15-20 თეთრით გაიაფდება” – “სენტა პეტროლიუმი”

ბაზარზე საწვავის ფასის შემცირების ტრენდი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. პოზიტიურ პროგნოზს კონკურენციის სააგენტოში 2025 წლის აპრილში ნედლი ნავთობის ფასის 10%-ით შემცირებით ხსნიან, რასაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობაც ემატება.
საერთაშორისო ბაზრებზე პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში სენტა პეტროლიუმის გენერალური დირექტორი საქართველოში საწვავის გაიაფებას ელის. მისი შეფასებით, სავარაუდოდ ფასები 15-20 თეთრით დაკორექტირდება.
“აპრილიდან დაწყებული საერთაშორისო ბაზრებზე ფასების საკმაოდ დიდი კლება შეიმჩნევა, პლატცის მაჩვენებლები საგრძნობლად დაეცა. ეს არის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი საქართველოს ბაზარზე ფასის ჩამოყალიბებაზე. ასევე ლარის კურსიც მყარდება, შესაბამისად, ის არ იძლევა არანაირ საფუძველს იმისას რომ ფასები გაიზარდოს. პირიქით, ეს დადებითი მომენტია ფასების შემცირებისთვის. აქედან გამომდინარე თუ გავაკეთებთ დაშვებას რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია იქნება შენარჩუნებული, ამ შემთხვევაში საქართველოს საცალო ბაზარზე ფასების შემცირებას უნდა ველოდოთ. თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასები ასე დარჩა, ჩემი მოლოდინით ფასები 15-20 თეთრით ფასები შემცირდება,”- ამბობს ზაალ იაკობიძე – „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.