ლუდსახარში კომპანია, AB InBev Efes რუსეთში ქართულ ლიმონათ „ნატახტარს“ გამოუშვებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია. გაყიდვები გაზაფხულის ბოლოს დაიწყება. AB InBev Efes-ი გადაწყვეტილებას გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში მზარდი მოთხოვნით ხსნის. კერძოდ, 2022 წლიდან სეგმენტი მოცულობით 7%-ზე მეტად, ხოლო ფულადი თვალსაზრისით 30%-ით გაიზარდა.
AB InBevEfes-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლაი ტირნიკოვის თქმით, რუსეთში „ნატახტარის“ გამოშვება მომხმარებლებისთვის ბრენდს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მისი პროგნოზით, „მხოლოდ გამოშვების წელს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი გადასახადები და აქციზები, დაახლოებით 1 მილიარდ რუბლს (12.2 მლნ დოლარს) შეადგენს.“
“ნატახტარის” რუსული ხაზი ოთხ – მსხლის, ტარხუნის, საფერავისა და ფეიხოას არომატს მოიცავს. სასმელი 0.5-ლიტრიანი შუშის ბოთლითა და 1-1.5-ლიტრიანი პლასტმასის ტარით გამოვა.
რუსული ანალიტიკური კომპანია „ნილსენის“ 2024 წლისა და 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში „ნატახტარის“ წილი 0.6%-ს შეადგენდა, ხოლო ბრენდი ამ კატეგორიის ტოპ 20-ში შედის.
საქართველოში “ნატახტარის” ლიმონათის წარმოება 2005 წელს კომპანიამ „ლომისი“ დაიწყო. საწარმოო ობიექტი ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს. 2008 წელს ის მთლიანად თურქულმა ლუდსახარშმა კომპანია Anadolu Efes-მა შეიძინა.
