კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ბაზრის ანალიზის თანახმად, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ამწე მოწყობილობებით მომსახურების ბაზარზე 81 ეკონომიკური აგენტი საქმიანობდა, ბაზრის საერთო მოცულობამ კი 83 969 189 ლარი შეადგინა.
სააგენტომ სამშენებლო მოწყობილობების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე – შპს „ჯითისი ქრენიქსის“ მიერ შპს „ვეება რენთის“ 100%-იანი წილის შეძენაზე, თანხმობა გასცა, ვინაიდან ის არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს.
“შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 803.6 ერთეულს უტოლდებოდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი მხოლოდ 7.5 პუნქტით იზრდება, 811.1 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი – უმნიშვნელოა”,- აღნიშნავენ სააგენტოში.
