,,მასკი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს, ვინაიდან მემარცხენეების თავდასხმებით დაიღალა” – WP

Washington Post-ის ინფორმაციით, მილიარდერი ბიზნესმენი და -ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი ილონ მასკი თანამდებობის დატოვებას განიხილავს, ვინაიდან ის “მემარცხენეების არაეთიკური თავდასხმებით” დაიღალა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აპირებს მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დატოვებას. მასკის სტატუსს – აშშ-ს მთავრობის სპეციალური თანამშრომელი – ვადა მაისის ბოლოს გასდის. როგორც საკითხზე ინფორმირებული ერთ-ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, მასკი ფიქრობს, რომ DOGE, მისი წასვლის მიუხედავად, მუშაობს გააგრძელებს.
როგორც Washington Post წერს, მასკის გადადგომის შესახებ სპეკულაცია უკავშირდება ტრამპის ადმინისტრაციაში მისი გავლენების შემცირებას. გასულ კვირაში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაცია შემოსავლების სამსახურის (IRS) მოქმედი კომისრის გათავისუფლებას აპირებდა მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა თქვა, რომ მასკმა კომისრის თანამდებობაზე თავისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნა, რომელსაც ბესენტი მხარს არ უჭერდა. გავრცელებული ცნობებით, მასკი აღიზიანებდა ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებსაც, ვინაიდან აშშ-ს ფედერალურ მთავრობაში ხარჯების შემცირების საკითხზე მათთან არ თანამშრომლობდა.
თებერვალში, მასკის დეპარტამენტის ძალისხმევის ფარგლებში, ბიუროკრატიისგან “გაწმენდილიყო” აშშ-ს ფედერალური სამსახურები, ამერიკელმა ფედერალურმა თანამშრომლებმა ელექტრონული მეილები მიიღეს, რომლებიც მათ ეკითხებოდათ, თუ რა სამუშაო ჰქონდათ შესრულებული გასული კვირის განმავლობაში. თანამშრომლებს აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხები შესაბამისი ზედამხედველებისთვის ყოველკვირეულად უნდა გაეგზავნათ. როგორც მეილების გაგზავნამდე მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ზემოხსენებულ შეკითხვაზე პასუხის არგაცემა სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის ტოლფასი იქნებოდა.
Washington Post-ის ინფორმაციით, მასკის მოთხოვნას რამდენიმე მაღალჩინოსანი არ დაემორჩილა და იმეილები უპასუხოდ დატოვა. თუმცა, მასკის ბრძანებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ, აშშ-ს პერსონალის მენეჯმენტის ოფისმა ადამიანური რესურსების ოფიცრებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ DOGE-ის იმეილებზე პასუხის გაცემა ნებაყოფლობითი იყო და ამაზე უარის თქმა სამსახურიდან გათავისუფლებას არ გამოიწვევდა.
როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთმა ფედერალურმა სააგენტომ წინა კვირაში შესრულებული სამუშაოს აღწერილობითი იმეილების გაგზავნის მოთხოვნა გააუქმა. რამდენიმე დეპარტამენტი მასკის ბრძანებას კვლავაც ზედმიწევნით ასრულებს, თუმცა სხვა დეპარტამენტები, მიუხედავად მოთხოვნის ძალაში დატოვებისა, თანამშრომლების პასუხებს, ერთი ვარაუდით, არც ამოწმებენ. ხოლო იმ ფედერალური თანამშრომლების უმრავლესობა კი, რომლებიც დღემდე “ემორჩილებიან” მასკის ბრძანებას, გასულ კვირაში შესრულებული სამუშაოს აღწერის ნაცვლად, ხშირად ერთი და იგივე ან იუმორისტული ხასიათის მეილებს აგზავნიან ადრესატთან.
Tabula.ge