საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც ქ. ვაშინგტონში შედგა – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას. ამავდროულად, შეხვედრის ფარგლებში განხილვის საგანს წარმოადგენდა გლობალური მაკროეკონომიკური გარემო და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ არაერთხელ აჩვენა მდგრადობა საგარეო შოკებისა და გლობალური გამოწვევების მიმართ და შექმნა ადეკვატური ბუფერები სამომავლო შოკების გამკლავებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
