ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ „ბიზნესმენები მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს ახორციელებენ“.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა, ამ ვითარებაში არათუ უცხოური, არამედ ახალი ადგილობრივი ინვესტიციებიც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბიზნესის კეთებას განწყობა სჭირდება.
„გარე ინვესტიციები, პრაქტიკულად, არ შემოდის, ხოლო შიდა ინვესტიციებს ისინი ახორციელებენ, ვისაც რაღაც პროექტი დაწყებული ჰქონდა…. იცით, ბიზნესის კეთებას განწყობა სჭირდება, განწყობა კი არ არის, მაგრამ არსებობს ვალდებულება იმ 1000-მდე თანამშრომლის წინაშე, ვინც კომპანიაში მუშაობს და ჩვენ, ფაქტობრივად, არსებულ სიტუაციაში მიმდინარე პროცესებს მივყვებით. ახალ ინვესტიციებს არც განვიხილავთ. თეორიულად ვემზადებით სხვადასხვა ტიპის კრიზისისთვის“, – ამბობს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, „საკმაოდ გართულებულია უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაც, რადგან არათუ ახალი ინვესტიცია, არსებული ინვესტიციების გაჩერებასაც კი განიხილავენ“.
კახა ხაზარაძემ ICR ჯგუფის მაგალითზე მოჰყვა, რომ თუ მომდევნო ხუთ წელიწადში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებდნენ, გეგმა მხოლოდ რამდენიმე მილიონამდე დაიყვანეს.
„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. გარდა ვაჭრობის სექტორია, ICR ჯგუფი ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაშიც ახორციელებს – დასავლეთ საქართველოში მოცვის პლანტაციებს ფლობენ.
„ინვესტიციები ორ ნაწილად იყოფა: პირველი – რომ შეინარჩუნო თუნდაც არსებული პოზიცია, გიწევს სავალდებულო ინვესტიციების გაკეთება. ვაჭრობის სფერო ისეთია, თუ არ ვითარდები, ერთ ადგილას ვერ გაჩერდები – უკან წახვალ. კომპანიის განვითარებისთვის 3-4 წლის წინ დავსახეთ გეგმები, რომელსაც ვერ ვაჩერებთ, ესაა: სასაწყობო მეურნეობის შექმნა, რაც ახალი სასაწყობო ფართის მშენებლობას და აღჭურვას გულისხმობს; პროგრამული უზრუნველყოფის განახლების პროექტი, ასევე, ობიექტების კაპიტალური რემონტები და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენი ბიზნესჯგუფი სოფლის მეურნეობაშიც საქმიანობს – დასავლეთ საქართველოში ლურჯი მოცვის პლანტაციები გვაქვს და 50-ჰექტრიანი ბაღის ბოლო 10 ჰა-ს განაშენიანება წელს გვიწევს, რასაც ბუნებრივია, ვერ გავაჩერებდით“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
